პარლამენტში მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით მორიგი სკანდალი ატყდა

წინა კვირის დასაწყისში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია, რაც ოპოზიციის შეშფოთების მიზეზი გახდა.
Sputnik

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მოსმენა, სადაც იგეგმებოდა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კომპეტენტურობას შეაფასებდა, დიდი სკანდალით დასრულდა - ოპოზიციამ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის თემა ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე მწვავეა პოლიტიკურ წრეებში. ოპოზიცია და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას გადადონ დანიშვნა სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე, ხოლო მმართველი პარტია ამ მოწოდებებს უგულებელყოფს.

„ჩვენ ვართ ქვეყნის პატრიოტები“ - ქართველმა მოსამართლეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს

ახლა, როდესაც პარლამენტს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დეპუტატთა ჯგუფი უნდა შეექმნა, რომელიც კანდიდატების კომპეტენტურობას და მონაცემებს შეამოწმებდა, ოპოზიციამ დემარში მოაწყო.

ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.

„ჩვენ ამ ფარსის პროცესში შესვლას არ ვგეგმავთ, ჩვენ მოვითხოვთ შევქმნათ რეფორმის სამუშაო ჯგუფი ზუსტად ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული შარლ მიშელის შეთანხმებით, ხოლო მანამდე დანიშვნების პროცესი შეჩერდეს. დღეს ხელისუფლება დარჩა მარტო საკუთარ თავთან“, - განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.

ახლა თავად გადაწყვიტონ, სამუშაო ჯგუფი სამკაციანი შექმნან თუ სამნახევრიანი, აღნიშნა მან.

თავად მმართველ პარტიაში ოპოზიციის პროტესტს მშვიდად შეხვდნენ.

საქართველოში მოსამართლეთა შერჩევა კვლავ სკანდალის მიზეზი გახდა

„სხვადასხვა კარებიდან გადით, რომ საცობები არ შეიქმნას, კოლეგებო“, - ამ სიტყვებით გააცილა ოპოზიცია კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

უკვე კომიტეტის სხდომის შემდეგ მან განაცხადა, რომ ჯგუფი შეიქმნა და მისი პირველი სხდომა 2 ივლისს გაიმართება.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კვირის დასაწყისში წარუდგინა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია, რაც ოპოზიციის შეშფოთების მიზეზი გახდა, რადგან ეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ მომზადებული შეთანხმების დარღვევად მიიჩნია.

ოპოზიციის კრიტიკაზე საპასუხოდ სასამართლო კორპუსის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ და მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, მათ შორის დასავლელი პარტნიორების მხრიდანაც.

საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა იწყება: რა იცვლება

მიმართვაში 300-ზე მეტი მოსამართლე აცხადებს, რომ არის კანონის ერთგული, საქართველოს პატრიოტია და დგას სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. ხოლო მართლმსაჯულების სფეროში პრინციპულ პროგრესს ადასტურებს ბოლო წლების სასამართლო სტატისტიკა და საერთაშორისი რეიტინგები.

სასამართლო რეფორმა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა - ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია, რომელზეც პოლიტიკურ წრეებში ცხარე კამათი არ წყდება. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლოს კლანები მართავენ, მმართველ პარტიაში კი ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში სრულიად დამოუკიდებელია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა არის სფერო, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორები ყველაზე მეტად აკრიტიკებენ. მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლების წარმომადგენლებს, გაეტარებინათ მართლმსაჯულების სისტემაში საფუძვლიანი რეფორმა, მანამ კი თავი შეეკავებინათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნისგან.