თენგიზ ცერცვაძეს „საუკუნის ექიმის" ტიტული მიენიჭა

45-წლიანი სამედიცინო კარიერის მანძილზე თენგიზ ცერცვაძის გამორჩეული თვისება და ცხოვრებისეული კრედო პაციენტების უანგარო დახმარებაა.
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. „ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ" თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამი ექიმი – თენგიზ ცერცვაძე, მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე დააჯილდოვა. ინფორმაციას თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს „ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ" უმაღლესი ჯილდო „საუკუნის ექიმის" ტიტული მიანიჭა, ხოლო ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია და ბოქსირებული განყოფილების გამგე მარინა ენდელაძე დაჯილდოვდნენ ნომინაციაში „სამედიცინო სფეროში გაწეული ღვაწლისათვის".

გული არ გაიტეხოთ: თენგიზ ცერცვაძემ პანდემიის დაძლევის თარიღი დაასახელა

„სამივე დაჯილდოებული ექიმი, ისევე, როგორც მთლიანად ცენტრი, COVID-პანდემიის პირველივე დღიდან დგანან ფრონტის წინა ხაზზე. ცენტრს აქვს COVID-ავადმყოფთა გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (99,1%) ჩვენს ქვეყანაში და არა მარტო. კონკრეტულად ცენტრში ჰოსპიტალიზებული 1.902 COVID-პაციენტიდან 1.885-ის გადარჩენა მოხერხდა", – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თენგიზ ცერცვაძე არის საქართველოში აივ/შიდსის საწინააღმდეგო სამსახურის ფუძემდებელი, რომელიც მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესოდ აღმოსავლეთ ევროპაში. იგი არის მსოფლიოში პირველი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ინიციატორი და განმახორციელებელი. ამ პროგრამით უკვე განიკურნა 74 ათასზე მეტი ავადმყოფი.

თენგიზ ცერცვაძე არის COVID-19-ის მართვის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი და მისი ხელმძღვანელობით ქვეყანაში დანერგილია COVID-19-ის მკურნალობის და მოვლის თანამედროვე მეთოდები და ინოვაციური მიდგომები, რაც უზრუნველყოფს COVID-პაციენტების გარდაცვალების ერთ-ერთ დაბალ მაჩვენებელს ევროპაში.