თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის „ლამბდა“ შტამმა შეაღწია, რომელიც თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში გამოვლინდა, იუწყება გამოცემა Express ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოზე (PHE) დაყრდნობით.
არსებული ინფორმაციით, „ლამბდა“ შტამი პირველად 2020 წლის ბოლოს დაფიქსირდა პერუში, ჩილეში, ეკვადორსა და არგენტინაში. მეცნიერების თქმით, აღნიშნული შტამის მოსაჭიდებელი ცილა ერთდროულად რამდენიმე მუტაციას შეიცავს, რაც ვირუსის გადამდებობაზე ახდენს გავლენას. თუმცა, მიუხედავად ამისა, სწავლულებს ჯერჯერობით არ აქვთ იმის მტკიცებულებები, რომ „ლამბდა“ COVID-19-ის უფრო რთულ ფორმას იწვევს, ან რომ ვაქცინების მოქმედებას ასუსტებს.
ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ცნობით, 25 ივნისისთვის ქვეყანაში „ლამბდას“ ექვსი შემთხვევა იყო გამოვლენილი და ექვსივე მათგანი საზღვარგარეთ მოგზაურობას უკავშირდება.
როგორც PHE-ში აცხადებენ, ამ დროისათვის მიმდინარეობს კვლევები „ლამბდას“ უკეთ შესასწავლად.
სააგენტოს სპეციალისტები ურჩევენ საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილონ ისეთ სიმპტომებზე, როგორებიცაა:
- სხეულის მაღალი ტემპერატურა;
- გამუდმებული ხველა;
- ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ან შეცვლა.
როგორც ირკვევა, „ლამდა“ შტამით ინფიცირებული პაციენტების უმეტესობას სწორედ ეს ნიშნები აღენიშნება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისათვის „ლამბდა“ მსოფლიოს 29 ქვეყანაშია გამოვლენილი.
ჯანმომ ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, COVID-19-ის ვარიანტები ბერძნული ანბანის ასოებით აღნიშნოს. შესაბამისად, სამხრეთ ამერიკაში გამოვლენილ შტამს „ლამბდა“ ეწოდა.
ორგანიზაციას დღეისათვის კორონავირუსის მხოლოდ ოთხი მუტაცია აქვს შეტანილი „შეშფოთების გამომწვევ“ ვარიანტთა ჩამონათვალში. ესენია: ბრიტანული („ალფა“ შტამი), სამხრეთ აფრიკული („ბეტა“), ბრაზილიური („გამა“) და ინდური („დელტა“). ეს უკანასკნელი ვარიანტი კვლავ განაგრძობს მუტაციას.