თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გიორგი ურუშაძე დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია თანამდებობიდან 26 ივნისს გათავისუფლდა. ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სახელმწიფო სააგენტოში მრჩევლად დაინიშნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახლად დანიშნულ და ყოფილ გუბერნატორებთან შეხვედრა დღეს გამართა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი.
პრემიერმა გიორგი სახოკიას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ღარიბაშვილმა გიორგი ურუშაძესთან ერთად რეგიონში დაგეგმილი პრიორიტეტული პროექტები განიხილა, მათ შორის ისინიც, რომლებიც პრემიერის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში იგეგმება.
უწყების ცნობით, გურიის ახალი გუბერნატორი მანამდე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა, ასევე სხვადასხვა თანამდებობაზე ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.