თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია ხელისუფლებას თუნდაც 50-კაციანი სოციალური ღონისძიებების ჩატარების ნებართვას სთხოვს.
როგორც საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელისუფლებამ უნდა დაუშვას 50-კაციანი ღონისძიებების ლეგალურად ჩატარება, რათა სარესტორნო სფერო მძიმე წლის შემდეგ წელში გაიმართოს.
„ჩვენი მოთხოვნა ასეთია, იქ, სადაც არალეგალურად უკვე კეთდება 200-250 ადამიანზე სუფრა, ეს ყველასთვის ლეგალურად იყოს შესაძლებელი, 50-კაციანი ქორწილის და „ივენთის“ ჩატარების შესაძლებლობა მიეცეთ რესტორნებს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ქორწილები მაინც იმართება, კანონმორჩილი მოქალაქეები კი ზარალდებიან.
ჩვენ გავიღვიძეთ ძალიან რთულ ვითარებაში იმ გაგებით, რომ ჩვენი სფეროს 40% უბრალოდ არ არსებობს. შევეჯახეთ ამ ყველაზე რთულ პრობლემას, ადამიანები ან გადაერთნენ საქმიანობის სხვა სფეროზე, რადგან ვერ გაუძლეს წელიწადი და სამი თვე ასეთ რეალობას, რომელშიც აღმოჩნდნენ, ან საზღვარგარეთ წავიდნენ, განაცხადა ბურჯანაძემ.
საქართველოში პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა გაუქმებულია. დარჩენილი შეზღუდვებიდან მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვა, ე.წ. კომენდანტის საათი, 1 ივლისიდან გაუქმდება.
რესტორნებმა მუშაობა 15 თებერვლიდან ეტაპობრივად განაახლეს.
1 ივლისიდან კვების ობიექტებს საქართველოში ღამის 12 საათამდე მუშაობის უფლება ექნებათ.