თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. 2024 წლისთვის საქართველო გეგმავს გააკეთოს განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე და უზრუნველყოს ასოცირების შეთანხმების 60-65%-იანი შესრულება, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დოკუმენტის ხელმოწერის შვიდი წლის იუბილეს მიეძღვნა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 7 წლის თავზე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით, რასაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები და საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვება მოყვა.
„ასოცირების შეთანხმებამ, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას (DCFTA) მოიცავს, ახალი ბიძგი მისცა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის, გაიზარდა საქართველოდან ეროვნული პროდუქციის ექსპორტი (15%), ხოლო ევროკავშირი გახდა საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი (24%)“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეთანხმებამ ასევე ხელი შეუწყო საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას. ინვესტორებს ეძლევათ შესაძლებლობა ტარიფების გარეშე მოახდინონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობაც ახალ ეტაპზე გადავიდა და 2016 წელს საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანდა.
მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარება, რომლის ოდენობამ ბოლო 7 წლის განმავლობაში მთლიანობაში 1 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
შეთანხმების ფარგლებში, ეტაპობრივად იზრდება ევროკაშირის ფინანსური დახმარების მასშტაბები, რაც ყოველწლიურად, მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, 120 – 130 მილიონ ევრომდე დახმარებას შეადგენს, ხოლო მრავალმხრივ ფორმატში საქართველო დამატებით მონაწილეობს სხვადასხვა დახმარების რეგიონულ პროგრამებში.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180-დან 90 დღე) უფლება მოიპოვეს.