ლევილის მამული კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

ლევილის მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს. საფრანგეთის მთავრობასთან მოლაპარაკებები მამულის გადმოცემის თაობაზე 1991 წლიდან მიმდინარეობდა.
Sputnik

თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. საფრანგეთის ქალაქ ლევილ-სიურ-ორჟში, ლევილის მამულში პირველი ეტაპის სამუშაოების ე.წ. ორანჟერეის პროექტის პრეზენტაცია და ლევილის მამულის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდნენ.

აღინიშნა, რომ ლევილის მამულში მრავალპროფილური კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი – აკადემია ჩამოყალიბდება, სადაც საქართველოს კულტურული, პოლიტიკური, სამეცნიერო, ასევე დიასპორული პროექტების და პროგრამების რეალიზება იქნება შესაძლებელი.

ლევილის მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს. მას შემდეგ მიტოვებულ მამულში რეაბილიტაცია მიმდინარეობდა.

„მას შემდეგ, რაც 2016 წელს მამული დაუბრუნდა საქართველოს, ჩვენი მთავრობის და ასევე სხვადასხვა უწყების წარმატებული ჩართულობით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველი ფაზა მიიყვანა წარმატებამდე. ამ ფაზის შემდეგ უკვე ლევილის მამულის სამომავლო პროექტის მართვა გადმოდის კულტურის სამინისტროში და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ სწორედ ასეთი წარმატებით განხორციელდეს ამ პროექტის ყველა სხვა ეტაპიც“, - განაცხადა თეა წულუკიანმა ორანჟერეის პრეზენტაციაზე.

საფრანგეთში ლევილის მამულის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

მისი თქმით, მომდევნო ოთხ-ხუთ წელიწადში ლევილის მამულში კულტურისა და ისტორიის კერა უნდა შეიქმნას.

„ლევილის მამული არის მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული კერა, ის უნდა იქცეს ჩვენი ქართველების, ფრანგების და საფრანგეთში მცხოვრები პირველი რესპუბლიკის შთამომავლების საერთო აკადემიად და იმ ადგილად, სადაც შემდგომში უნდა ჩატარდეს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება: გამოფენები, სემინარები, შეხვედრები“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ეს შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც მთლიანად დასრულდება რეაბილიტაციის ფაზა. დავით ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი „ღირსეულად გაუძღვება ამ პროცესს“.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ქალაქ ლევილის მერი ერიკ ბრაივე (Eric Braive). მისი თქმით, საქართველოს ისტორია ქალაქ ლევილის ისტორიის ნაწილად იქცა და ყველა ლევილელმა იცის საქართველოს ისტორია.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რეაბილიტაციის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა და ერთი სული მაქვს, როდის დამთავრდება მთლიანი პროექტის რეაბილიტაცია, რომ მომავალშიც ძალიან საინტერესო პროექტები განვახორციელოთ“, - განაცხადა ლევილის მერმა.
საქართველოს ემიგრაციის მუზეუმს საჩუქრად უნიკალური არქივი გადაეცა

პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული ლევილის მამული საქართველოს დევნილმა მთავრობამ — ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ — 1922 წელს შეიძინეს სახელმწიფო სახსრებით. მიზანი — მამულის ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრად ქცევა იყო. გათვალისწინებული იყო ამ ქონების საქართველოსთვის გადაცემის პირობებიც. მათ „მორალურ ანდერძში“ დაზუსტებული იყო, რომ შატო ლევილი უნდა დაბრუნებოდა საქართველოს, როცა ის დამოუკიდებელი გახდებოდა.

ძველებური გალავნით შემოღობილ ლევილის მამულში დგას ლუდოვიკო XIII სტილში აშენებული ორსართულიანი სახლი, გაშენებულია საუკუნოვანი ცაცხვების ხეივანი, ბაღი და ბოსტანი. სახლის პირველ სართულზე მდებარეობს დიდი სალონი, რომლის კედლებს ამშვენებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტები. აქვე ინახება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომელიც 1918 წლის 26 მაისით არის დათარიღებული.