დედოფლის კაბინეტში პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ფოტოს თაიგული ფარავს

ცოტა ხნის წინ მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ოპრა უინფრისთან ვრცელ ინტერვიუში სამეფო კარზე არსებული განხეთქილების მიზეზებზე ისაუბრეს
Sputnik

ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი დედოფალ ელისაბეთს ბუკინგემის სასახლეში ესტუმრა. ეს ვიზიტი რამდენიმე ფაქტის გამო აღმოჩნდა საინტერესო.

პირველი, ეს გახლავთ ის, რომ ჯონსონი და დედოფალი ერთმანეთს 15 თვიანი პაუზის შემდეგ პირისპირ პირველად შეხვდნენ. მეორეც, იმის გამო, რომ შეხვედრა დედოფლის პირად კაბინეტში შედგა, რომელიც საზოგადოებისთვის დიდი ხანია დახურულია.

ამ შეხვედრიდან ცნობილი გახდა, რომ დედოფალს თავის მაგიდაზე ისევ აქვს პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის პორტრეტი. იყო ვარაუდი, რომ ეს პორტრეტი მონარქის მაგიდიდან გაქრებოდა.

საინტერესოა, რომ პრინც ჩარლზისა და კამილა პარკერ ბოულზის, ასევე უილიამისა და ქეით მიდლტონის პორტერებისგან განსხვავებით, ჰარისა და მეგან მარკლის ფოტო უკანაა გაწეული, მას ყვავილების დიდი თაიგული მალავს. ეს იმ ფონზე, როცა სხვა პორტრეტები გამოსაჩენ ადგილას დევს.

გასული წლის იანვარში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრობაზე უარს აცხადებენ და ბრიტანეთი დატოვეს. ამჟამად წყვილი კალიფორნიაში ცხოვრობს.

მას შემდეგ, რაც სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ უარი თქვეს სამეფო ოჯახის პრივილეგიებზე და ფინანსურ უზრუნველყოფაზე, მათ სამეფო ძვირფასეულობაზე წვდომაც დაკარგეს. მეგან მარკლს მოსთხოვეს, დაუბრუნოს დედოფალს არა მარტო ის სამკაულები, რომლებითაც მონარქის თანხმობით სარგებლობდა, არამედ ყველა საჩუქარიც. ერთ-ერთი ასეთია ბეჭედი ცისფერი ძვირფასი თვლით, რომელიც მეგანს სამეფო ოჯახის წევრზე, პრინცზე ქორწინების შემდეგ გადაეცა.