ქართველ ტუროპერატორებს რაჭაში, ლეჩხუმსა და იმერეთში ინფოტური მოუწყვეს

ტურის ფარგლებში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საოჯახო მარნებს ესტუმრნენ და ადგილზე გაეცნენ  საოჯახო ბიზნესსა და მათ პროდუქტებს.
Sputnik

თბილისი, 26 ივნისი  – Sputnik. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტუროპერატორებისთვის ინფოტური გაიმართა,  ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, აღნიშნული ტური იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში ჩატარდა და მასში ტურისტული კომპანიების 15 წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

საქართველო ტურისტების რაოდენობის 13 მილიონამდე გაზრდას აპირებს

ინფოტური ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და მეღვინეების ასოციაცია Wine Club-ის ორგანიზებით გაიმართა.

„ღვინის ტურიზმის მხარდაჭერისთვის წარმატებით მიმდინარეობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID-ის მიერ შემუშავებული პროგრამა, რომელიც მცირე მეწარმეების მხარდაჭერას და მათი სერვისების პოპულარიზაციას ითვალისწინებს“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ თამარ ყორიაულმა.

აღნიშნული პროექტი შეაფასა  USAID-ის სტრატეგიისა და პროგრამების ოფისის უფროსმა მრჩეველმა ჯოზეფ ლარსენმა და აღნიშნა, რომ USAID-ი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს  საქართველოს რეგიონებში კულტურული ტურიზმი განვითარებას.

„ჩვენი მიზანი მდგრადი კულტურული ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაა, რომელიც საქართველოს უნიკალურ კულტურას როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ტურისტებს გააცნობს.  ეს  ხელს შეუწყობს ტურიზმის კიდევ უფრო  განვითარებას საქართველოში, საერთაშორისო არეალზე კონკურენტუნარიანობის გაზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოს რეგიონებში“, - განაცხადა ჯოზეფ ლარსენმა.

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საქართველოში მეტ ტურისტს ელოდებიან >>

ღონისძიება მიზნად ისახავს ქვეყანაში ღვინის ტურიზმის და ახალი ტურისტული ობიექტების  განვითარებას. ასევე, მარნების პოპულარიზაციას,  ტურ-ოპერატორებისათვის ახალი ტურისტული ობიექტების ადგილზე შესწავლას და მარნების გასტრონომიულ და ღვინის ტურისტულ მარშრუტებში ჩართვას.