ქართველი მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე გარდაიცვალა

შემოქმედებითი თავისუფლებისა და მხატვრული თვალთახედვის გამო მეგობრები ნიჟარაძეს პაბლო პიკასოს ადარებდნენ და ამიტომაც „პიკოს“ ეძახდნენ.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისის – Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.

ზურაბ ნიჟარაძემ 1955 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა. 1964-1971 წლებში იყო სამხატვრო აკადემიის ხატვის კათედრის პედაგოგი, 1982-1987 წლებში რექტორის თანამდებობა ეკავა. იგი მუშაობდა მხატვრობის სხვადასხვა დარგში: ფერწერა, გრაფიკა, თეატრალური, კინო და კედლის მხატვრობა. 

გარდაიცვალა განათლების ყოფილი მინისტრი გუჩა კვარაცხელია

1955 წლიდან სისტემატურად იღებდა მონაწილეობას გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში, მხატვართა კავშირში, ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი), აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, შვედეთის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში.

ზურაბ ნიჟარაძე იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2013 წლის 24 დეკემბერს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა კულტურის სამინისტროს ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.

შემოქმედებითი თავისუფლებისა და მხატვრული თვალთახედვის გამო მეგობრები ზურაბ ნიჟარაძეს პაბლო პიკასოს ადარებდნენ და ამიტომაც „პიკოს“ ეძახდნენ.