საქართველო ავღანეთიდან სამხედრო ქვედანაყოფების გამოყვანას აგრძელებს

საქართველო ასრულებს ქართული კონტინგენტის გამოყვანის პროცესს ავღანეთიდან, სადაც ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდნენ.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს მონაწილეობის დასრულების გეგმის თანახმად ქვეყნის თავდაცვის ძალების კიდევ ერთმა ქვედანაყოფმა დატოვა ავღანეთი, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ ავღანეთში, რომელშიც ქართველი მშვიდობისმყოფელები მონაწილეობენ, მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. ქართული დანაყოფები ავღანეთს დადგენილი გრაფიკის მიხედვით ტოვებენ. თავდაცვის სამინისტროს ძალების მონაწილეობა მისიაში ყველა დანაყოფის დაბრუნების შემდეგ დასრულდება. 

ღარიბაშვილი: ჩვენ ამაყად და თავაწეულები დავტოვებთ ავღანეთის მისიას

მისიაში საქართველოდან 872 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ისინი დისლოცირებული იყვნენ მაზარ-ი-შარიფსა და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე.

ქვედანაყოფი საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბის ბაზაზე ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა.

უახლოეს დღეებში საქართველოში ავღანეთში დისლოცირებული ბოლო ქვედანაყოფის ბოლო ასეულის პირადი შემადგენლობა და უფროსი სამხედრო წარმომადგენლობაც დაბრუნდება, რითიც ქართული ქვედანაყოფების გამოყვანის პროცესი დასრულდება.

ამ ეტაპზე სამშობლოში უკვე დაბრუნდნენ მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი და ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეები.

ქართველი მშვიდობისმყოფელები ნატოს სამშვიდობო მისიაში ავღანეთში 2004 წლიდან მონაწილეობენ. 2015 წლიდან ის არასაომარ მისიად გამოცხადა და ეწოდა „მტკიცე მხარდაჭერა“.

მისიის დაწყებიდან დღემდე ავღანეთში საქართველოდან 20 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გაემგზავრა. მათგან 32 ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე ასეული დაიჭრა.