თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველო ისევ მზად არის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის როლი შეასრულოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.
ივნისის დასაწყისში საქართველოს შუამავლობით აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სამხედრო ტყვე დაუბრუნა, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა.
„მინდა... დავადასტურო კიდევ ერთხელ სრული მზადყოფნა, რომ ამ პროცესში საქართველო ისევ გააგრძელებს მედიაციის როლს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საქართველოსთვის უპრეცედენტო როლი იყო. მან სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება საქართველოს, როგორც შუამავლის როლის შესახებ მაისში ბაქოსა და ერევანში მისი ვიზიტების დროს იქნა მიღწეული.