საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მშპ–ის ზრდას 10 წელიწადში 10 ათას დოლარამდე გეგმავს

ივლისიდან ყველა სამინისტრო წარმოადგენს განვითარების დეტალურ გეგმას და პარლამენტი, ექსპერტები და საზოგადოება მათ სრულყოფაზე მუშაობაში ჩართვას შეძლებენ, განაცხადა პრემიერმა.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე 10 წელიწადში 10 ათას დოლარამდე გაზარდოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2020 წელს 4.275,5 დოლარს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს – 4.696,2 დოლარს.

უმუშევრობა საქართველოში კვლავ იზრდება – სტატისტიკის ახალი მონაცემები

„ჩვენი ამოცანა უნდა იყოს – მომდევნო ათი წლის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 10 ათას დოლარამდე გაზრდა. უმუშევრობის მაჩვენებელი უნდა გახდეს 9% ჩვენი მინიმალური გეგმის მიხედვით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ივლისიდან ყველა სამინისტრო წარმოადგენს განვითარების დეტალურ გეგმას და პარლამენტი, ექსპერტები და საზოგადოება მათ სრულყოფაზე მუშაობაში ჩართვას შეძლებენ.

„ჩვენი ამოცანაა – სექტემბრის ბოლოს აღნიშნული გეგმა დავასრულოთ, წარმოვადგინოთ და დავიწყოთ მისი იმპლემენტაციის მაქსიმალური კონტროლი და მონიტორინგი“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში მთავრობის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიში და სამომავლო გეგმები წარადგინა.