დახმარება ბიზნესს: საქართველოს მთავრობა ახალ პროგრამებს იწყებს

მთავრობის გეგმებშია ცალკეულ სფეროებში იმპორტჩანაცვლების პროგრამის დაწყება და გრანტების პროგრამის გაფართოება.
Sputnik

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ბიზნესის დახმარების ახალი პროგრამები შეიმუშავა, რომლებიც ახლო მომავალში ამოქმედდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კანონმდებლების წინაშე მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას. 

მთავრობა მრავალშვილიან ოჯახებს საცხოვრებელი ბინების შეძენაში დაეხმარება

კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესს, მეწარმეთა ნაწილი გაკოტრების პირასაა.

„ჩვენ გვესმის გამოწვევები, რომლის წინაშეც ბიზნესი აღმოჩნდა. ჩვენ ხელს შევუწყობთ მის სწრაფ აღდგენასა და განვითარებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბიზნესისთვის სიახლეებს შორის პრემიერმა დაბალპროცენტიანი დაკრედიტების პროგრამის არეალის გაფართოება დაასახელა. გარდა ამისა, მთავრობის გეგმებშია ცალკეულ სფეროებში იმპორტჩანაცვლების პროგრამის დაწყება და გრანტებისა და აგროსესხების პროგრამის გაფართოება.

ღარიბაშვილისთვის პრემიერის რანგში ეს პირველი ანგარიშია ექვსი წლის შემდეგ. 2015 წელს პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ღარიბაშვილმა 2021 წლის თებერვალში მთავრობის მეთაურის სავარძელი კვლავ მოირგო. აღნიშნულ თანამდებობაზე მან გიორგი გახარია შეცვალა.