თბილისი, 25 ივნისის – Sputnik. ბაკურიანში 25-30 ივნისს გაიმართება კინოფორუმი „ნახე პირველად ბაკურიანში“, სადაც მაყურებელი იხილავს იმ ახალ ქართულ ფილმებს, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართული დრამა „ცუდი ხალხი“ ამერიკის დასაპყრობად მიემგზავრება>>
ფორუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი რეჟისორის – ზაზა ურუშაძის ბოლო ნამუშევრი „ანტონი“, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში შერჩეული და უკვე არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ფილმი „დასაწყისი“ (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი), ასევე საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებული დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“ (რეჟისორი სალომე ჯაში) და ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“, რომლის მსოფლიო პრემიერაც წელს გაიმართა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
მიმდინარე პანდემიის გამო, ღონისძიების მონაწილეები ფილმებს რეგულაციების სრული დაცვით ნახავენ. შესაბამისად კინოთეატრში შემცირებული ადგილების გამო, კინოჩვენებებს წელს მხოლოდ ფორუმის მონაწილე სტუმრები, კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები, რეჟისორები, პროდიუსერები და მსახიობები დაესწრებიან.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კინოჩვენებების გარდა, ღონისძიებაზე გაიმართება საინტერესო დისკუსიები თანამედროვე ქართული კინოწარმოებისა და ქართული კინომემკვიდრეობის თემებზე.
კინოფორუმი ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით და შპს „ემ-თი-ეის“, „შემოქმედებითი ევროპის“, სასტუმრო „კრისტალის“ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება.