საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილი, ცნობილი ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პირად ცხოვრებაზე საუბრობს, რადგან ბოლო პერიოდში, მას მერე, რაც ის მარტში დედა გახდა, არ წყდება კითხვები, თუ რატომ არ ჩანს მისი მეორე ნახევარი, ან რატომ არ ასაჯაროებს პატარა ანდრიას ფოტოს. მან გადაწყვიტა დუმილი დაარღვიოს.
სოფიკოს მიერ ვაჟთან ერთად გადაღებულ ფოტოებს „ფოლოვერები“ სულმოუთქმელად ელიან, თუმცა სოფო პირადი სივრცის პრინციპებს არ არღვევს. ახალშობილ ვაჟთან ერთად პოზირებს, ერთობლივ კადრებს სოციალურ ქსელში ათავსებს, თუმცა სახეს ამ დრომდე უმალავს. „სამი თვეა ამ სასწაულთან ერთად ვცხოვრობ“, – აღნიშნავს სოფო მიკრობლოგის ახალ პოსტში. „ამიერიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება, აღმოჩნდა, რომ ადამიანური რესურსები ამოუწურავია. როცა მესმის შეკითხვები დედობისა და სამსახურის შეთავსებაზე, წამიერად ვპასუხობ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ გაქვს სურვილი და არ გაქვს კომპლექსები, რომლებსაც უსაფუძვლო დანაშაულის განცდა სდევს ხოლმე თან“, – უყვება ფანებს ჟურნალისტი.
„ახლა ჩემი ოჯახი მაქვს. მე უკვე არა მხოლოდ ქალიშვილი, ან შვილიშვილი ვარ. ახლა დედა ვარ. და რაც არ უნდა უნდოდეს ბევრს, გაიგოს მეტი და უფრო ახლოს, მე უბრალოდ ვიცი, რომ ამიერიდან ჩემი შვილისთვის საზღვრების აგება ჩემი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ოჯახის წევრებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ მათ საჯაროობა თუ არა. ჩვენი საქმე კი ის არის, მათ მივცეთ ეს არჩევანი და დავიცვათ არასაჭირო ყურადღებისგან. თუ ადამიანს, რომელიც ჩემ გვერდით არის, შეუძლია საკუთარი თავის დაცვა ამ უფლებით, ჩემი შვილისთვის მე ვარ ასეთი დამცველი. და მხოლოდ როდესაც ანდრია გაიზრდება და თავად შეძლებს გადაწყვიტოს, რის მიწოდება შეუძლია სამყაროსთვის, მე ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებელი. მანამდე კი ასეა“, – წერდა სოფო.
საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი დედა 42 წლის ასაკში გახდა. ტელეწამყვანმა 21 თებერვალს ინფორმაცია ორსულობის შესახებ Clubhouse-ის მოდურ დანართთან საუბრისას გაამხილა, სადაც სტუმრები ბავშვთა აღზრდის თემაზე სასაუბროდ შეიკრიბნენ.