თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიულ სიებში ქალთა კვოტების შემცირების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად პერფორმანსი გამართეს.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პარტიულ სიებში ქალთა კვოტების ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო – სიაში ყოველი მეორე ქალის ნაცვლად, ქალი ყოველი მესამე უნდა იყოს.
აღნიშნული გადაწყვეტილების პროტესტის ნიშნად სამნიძემ და წითლიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივნიდან ბანერი „მატყუარა მამაკაცების პარლამენტი“ გადმოფინეს.
მმართველ პარტიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილებას გაუგებარს უწოდებენ და აცხადებენ, რომ თითოეულ პარტიას საკუთარი სურვილით შეუძლია საარჩევნო სიებში ქალების რაოდენობის გაზრდა და მათ ამას არავინ უკრძალავს.
მოცემულ მომენტში სხდომათა დარბაზში საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მუხლობრივი განხილვა მიმდინარეობს.