ლევან ვასაძე მოწამლეს? – ბიზნესმენი სასწრაფოდ თურქეთში გადააფრინეს

ლევან ვასაძე მძიმე მდგომარეობაშია, ის თურქეთის კლინიკაში გუშინ, ღამით გადაიყვანეს. უცნობია რა სჭირს ბიზნესმენს.
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ბიზნესმენი ლევან ვასაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე განაცხადა, ჰოსპიტალიზებულია, იუწყება „მთავარი არხი“.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბიზნესმენი ამ დროისათვის თურქეთის ერთ-ერთი კლინიკაში მკურნალობს. იგი გუშინ სასწრაფო ჩარტერით გადააფრინეს. სავარაუდოდ, ის მოწამლულია, თუმცა ზუსტი დიაგნოზი ჯერ უცნობია.

ვასაძის თანაგუნდელები არ გამორიცხავენ, რომ იგი მოწამლეს.

ლევან ვასაძე გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონის მიღებას მოითხოვს

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 6 მაისს განაცხადა, რომ აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელსაც ერქმევა „ერთობა, რაობა, იმედი“, და რომელიც მომავალში, დიდი ალბათობით, პოლიტიკურ მოძრაობად გარდაიქმნება.

ლევან ვასაძის თქმით, მას მტკიცედ სწამს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით „შეძლებს გაარღვიოს მოჯადოებული წრე, რომელზეც საქართველო 30 წელია მოძრაობს“.

როგორც ვასაძემ აღნიშნა, ის ფუჭი დაპირებების გაცემას არ აპირებს.

ვასაძე დასავლეთის აქტიური კრიტიკოსი, პატრიარქალური ღირებულებების დამცველი და პრორუსული კურსის მიმდევარია. მილიონერმა თავისი ქონება რუსეთში დააგროვა. ვასაძეს რვა შვილი ჰყავს - ოთხი გოგონა და ოთხი ვაჟი.