გამყრელიძე: საქართველოში ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება

სპეციალისტები „ინდურ შტამს“ უფრო სახიფათოდ მიიჩნევენ, ვიდრე დანარჩენ შტამებს, ვინაიდან ის მეტად აგრესიულია – ძლიერად ეჭიდება უჯრედებს და ვირუსის მცირედი რაოდენობაც საკმარისია დასაავადებლად.
Sputnik

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოში „ინდური შტამის“ ცირკულაცია 10%-დან 20%-მდე მერყეობს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ჩხაიძე: საქართველოში „ინდური შტამი“ შეიძლება დომინანტური გახდეს

ბოლო პერიოდში საქართველოში „ინდური შტამის“ შემთხვევები იზრდება. ამ დროისათვის 20 შემთხვევაა დაფიქსირებული.

„ყველა მათგანი იყო იმპორტირებული შემთხვევა. დელტა შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება, სადღაც 10-დან 20 პროცენტამდე მერყეობს უკვე მისი ცირკულაცია. დასაცავია შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, ევროპის რიგ ქვეყნებში ე.წ. დელტა შტამი ბრიტანულს ანაცვლებს, რაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ასევე მოსალოდნელია საქართველოშიც.

რითაა საშიში კორონავირუსის ინდური შტამი - „სპუტნიკV"-ს შემქმნელის თვალსაზრისი

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ „ინდური შტამისგან“ თავის დაცვის შესაძლებლობა ორჯერადი ვაქცინაციაა.

საქართველოში კორონავირუსის „ინდური შტამის" პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დადასტურდა. აღნიშნული შტამი გამოუვლინდა ხუთ პირს, მათგან ორი საქართველოს მოქალაქე იყო. ინფიცირებულთაგან სამმა პირმა ქვეყანა დაუყონებლივ დატოვა.

„ინდური შტამის" გავრცელების ტემპი კორონავირუსის მუტაციის შემდეგ გაიზარდა, რადგან ის იოლად უმკლავდება ანტისხეულებს, რომლებიც წარმოიქმნება აცრის შემდეგ, ან ბუნებრივი გზით იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19.