თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ ზელენსკი საპასუხო ვიზიტით თბილისში მოიწვია, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა და ვლადიმირ ზელენსკიმ მასმედიისთვის ერთობლივ ბრიფინგზე განცხადებები გააკეთეს.
„დღევანდელი ვიზიტი ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების მხოლოდ დასაწყისია. პრეზიდენტ ზელენსკის 18 ივლისს საქართველოში ვიწვევ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თავის მხრივ, ზელენსკიმ აღნიშნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ვიზიტს საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის.
„ჩვენს დედაქალაქებს კიევსა და თბილისს შორის დიალოგი ახალ იმპულსს იძენს. ჩვენი ერთობლივი ამოცანაა უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის რეალური შანსითა და კონკრეტული პროექტებით შევსება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, სამხრეთ კავკასიაში საქართველო უკრაინის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.
„დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, წელს ჩვენ მნიშვნელოვანი სავაჭრო ბრუნვა გვექნება. ეს იქნება მთავრობათშორისი ქართულ-უკრაინული კომისიის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. ჩვენ ვცდილობთ მის აღდგენას და მიმდინარე წლის სექტემბერში მორიგი მეათე სხდომის ჩატარებას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კოორდინაცია ადამიანებს შორის კონტაქტებისა და ტურიზმის სფეროში, განსაკუთრებით, მიმდინარე პანდემიის პირობებში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამშობლოში იმ მოქალაქეების დაბრუნების საკითხი, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის ციხეებში იმყოფებიან.
„ამასთან დაკავშირებით იურიდიული პროცედურები სრულდება და ეს ადამიანები უახლოეს მომავალში სახლებში დაბრუნდებიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
კიევში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან დმიტრო რაზუმკოვთან.
საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. იმ დროიდან ქვეყნებს შორის 105 ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმება გაფორმდა. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს.