ხუნდაძე: AstraZeneca-ს მოწოდების შეფერხება კატასტროფად არ უნდა აღვიქვათ

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შეფერხების თაობაზე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს.
Sputnik
ხუნდაძე: AstraZeneca-ს მოწოდების შეფერხება კატასტროფად არ უნდა აღვიქვათ
„იყო ხარვეზი, როცა სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირებულმა მოქალაქეებმა ვერ მიიღეს ვაქცინის მეორე დოზა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს არ არის კატასტროფა. პირველ რიგში საჭიროა იმ მიზეზის დადგენა და აღმოფხვრა, რამაც შეფერხება გამოიწვია. ამ საკითხთან დაკავშირებით თუ ვინმეს კონკრეტული პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ Rustavi2-ის ეთერში.

საქართველო AstraZeneca-ს ვაქცინის 43 ათასი დოზის მიღებას ელოდა, თუმცა მისი შემოტანა დადგენილ ვადებში ვერ მოხერხდა. საპარლამენტო ოპოზიცია შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტროს აკისრებს და ვითარებაში უკეთ გასარკვევად მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში მისვლას მოითხოვს.