რატომ არის თურქეთში გარკვეული მედიკამენტები უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში?

საკმაოდ გავრცელებული მოსაზრებაა, რომ საქართველოში წამალი უფრო ძვირია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. როგორც ირკვევა, მეტწილად ეს მცდარი შეხედულება და ჭორია, რომლის დაჯერებაც ღარიბ ქვეყანაში იოლია.
Sputnik

თემურ იოსელიანი

ცხადია, როდესაც ადამიანის შემოსავალი მწირია და სასურველ პროდუქციას ვერ ყიდულობს, მისთვის ნებისმიერი ფასი შეიძლება „ძვირი“ და „მიუწვდომელიც“ კი იყოს. რაც შეეხება საქართველოს და განვითარებული ქვეყნების შედარებას მედიკამენტების ფასების კუთხით, როგორც ფასებში, ისე სამედიცინო სფეროს სისტემის მოწყობაში, საკმაოდ დიდი განსხვავებაა. 

რა კავშირშია ლარის მასის ზრდა და ლარის გაუფასურება: ერთ წელში ფულის მასა 21%-ით გაიზარდა

როგორც სხვა იმპორტირებული პროდუქცია, მედიკამენტებიც დოლარის ფასზეა „მიბმული“ და რაც უფრო ძვირდება დოლარი, მით უფრო ძვირდება წამლებიც. შესაბამისად, მომხმარებელს კიდევ უფრო მეტად უჭირს პრეპარატების შეძენა. მაგრამ მართლაც ღირს წამლები საქართველოში „ზედმეტად ძვირი“, ვიდრე, მაგალითად, მეზობელ ქვეყნებშია?

ფარმაცევტული კომპანია „იმპექსის“ ხელმძღვანელი დავით კოხრეიძე ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ როგორც ყველა სხვა პროდუქციის, მედიკამენტის ფასსაც, პირველ რიგში, მისი თვითღირებულება განსაზღვრავს. მისი თქმით, წამალი ზოგადად ვერ იქნება იაფი, რადგან მაღალტექნოლოგიური, მეცნიერული შრომით მიღებული პროდუქტია. თუმცა, როდესაც ქვეყანა ვითარდება და მოსახლეობას შემოსავალი უჩნდება, მაშინ წამალსაც ყიდულობენ და საკვებსაც.

„უცხოეთში მყიდველმა თითქმის არ იცის, წამალი რა ღირს. დაზღვევის სისტემაზეა მიბმული ყველაფერი. სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს ხარჯების 99%-ს. მიდიხარ აფთიაქში, მიგაქვს რეცეპტი, წამალს ითხოვ და გაძლევენ. შენ თავის დროზე ფულს უხდი დაზღვევას და მანდ მთავრდება ყველაფერი“, – ამბობს კოხრეიძე.

იმ მოსაზრების დასტურად, რომ მეზობელ ქვეყნებში გარკვეული მედიკამენტები უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში, კონკრეტულ მაგალითად თურქეთი მოჰყავთ ხოლმე. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ხელმძღვანელი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ თურქეთთან შედარებით საქართველოში წამლების სიძვირეს არასწორი რეგულირება იწვევს:

ეკონომიკის საგანგაშო ვარდნა და ოპტიმისტურად განწყობილი ხელისუფლება

„მაღალი ფასების მიზეზი ის არის, რომ მსხვილი ბრენდული კომპანიების წამალი საქართველოში ძვირად შემოდის. იდენტური მედიკამენტის იაფად შემოტანა თურქეთიდანაც არის შესაძლებელი. შესაბამისი ნებართვისთვის მარეგულირებელი უწყება იმპორტიორს სთხოვს მწარმოებლის ხელმოწერილ დოკუმენტს, რომ ის ნამდვილად მისი წამალია. ბრენდულ კომპანიას, ბუნებრივია, მედიკამენტის იაფად გაყიდვა არ აწყობს. შესაბამისად, ის არ გასცემს ამ ნებართვას და იაფი წამლები აღარ შემოდის ქვეყანაში. გამოსავალი ის არის, რომ თურქეთიდან ან სხვა ქვეყნებიდან, სადაც წამლები იაფი ღირს, ნებისმიერს შეეძლოს მედიკამენტების შემოტანა“.

მეზობელ ქვეყნებში მედიკამენტების ზოგად სიიაფეს დავით კოხრეიძე გამორიცხავს, თუმცა ადასტურებს, რომ თურქეთში რიგ მედიკამენტებზე სახელმწიფო სუბსიდია მოქმედებს და, შესაბამისად, მომხმარებელს კონკრეტული წამალი გაცილებით დაბალ ფასად შეუძლია იყიდოს.

„რა არის თურქეთში ბევრად იაფი? ეს გახლავთ ძირითადად ძვირადღირებული პროდუქტები. მათ შორის ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებზეც სახელმწიფო დოტაციაა. ონკოლოგიური მიმართულების წამალი თუ ღირს, დავუშვათ, 100 დოლარი, სახელმწიფო ამბობს – მე 90%-იან დოტაციას ვიძლევი, რადგან ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემა და ვაფინანსებ ამ მედიკამენტსო. თურქეთში რომ შეაქვს იმპორტიორს, 90%-ს სახელმწიფო უნაზღაურებს, რათა საცალო ქსელში, აფთიაქში, ეს წამალი ძვირი არ იყოს.

თურქეთში ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტიპის წამლებზე, დაახლოებით 200-300 დასახელების მედიკამენტზე, სახელმწიფო დოტაცია მოქმედებს, მათ ეს გააკეთეს საკუთარი მოქალაქეებისთვის“, – ამბობს დავით კოხრეიძე.

სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა – კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გვაშორებს ევროკავშირს

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: შეუძლია თუ არა საქართველოს მოქალაქეს თურქეთიდან დოტაციური მედიკამენტის იაფად შეძენა? „იმპექსის“ ხელმძღვანელი პასუხობს:

„ოფიციალურად ვერ შემოიტანთ, წამლის თურქული მარკირება არ არის რეგისტრირებული საქართველოში. მაგრამ ჩვენ ვნახეთ გამოსავალი. არის ასეთი დაშვებული „ფორმა 100“. კონკრეტულად შენ თუ გჭირდება წამალი და ექიმი გამოგიწერს, შენთვის შემიძლია ის ერთი წამალი შემოვიტანო, მაგრამ არა სხვისთვის. შესაბამისად, ის გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე იგივე წამალი, რომელიც ოფიციალურად არის დარეგისტრირებული საქართველოში“.

ასე რომ, საქართველოს მოქალაქეებისგან თურქ გადასახადის გადამხდელებს მადლობა ეკუთვნით – დოტაციური წამალი საქართველოს მოქალაქესაც შეუძლია შეიძინოს.

რაც შეეხება საქართველოში მედიკამენტებზე უფრო მაღალ ფასს, ვიდრე მეზობელ ქვეყნებშია, ამას დავით კოხრეიძე გამორიცხავს:

„ჩვენთან ლიბერალური კანონმდებლობაა. პლუს დაშვებულია პარალელური იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებიდან. კონკრეტული პრეპარატის მწარმოებელ ქარხანას გერმანიაში სხვა ფასი აქვს, იტალიაში სხვა და პოლონეთში სხვა. ჩვენ კანონმდებლობა საშუალებას გვაძლევს, გერმანიიდან და იტალიიდან კი არა, მაგალითად, პოლონეთიდან შემოვიტანოთ იგივე წამალი, რომელიც ორჯერ იაფია, ვიდრე გერმანიაში. ამიტომ საქართველოში წამლის ფასები რომ შევადაროთ ევროპის, ან მეზობელ ქვეყნებში არსებულ ფასებს, ყველაზე იაფი ჩვენთანაა“.

რას ხმარდება გაზრდილი სახელმწიფო ვალი და რა განრიგით მოუწევს ქვეყანას მისი გასტუმრება

რასაც გვერდს ვერ ავუვლით, საქართველოში მკურნალობა ნამდვილად არ არის იაფი და ხშირია შემთხვევა, როდესაც ექიმი მაინცდამაინც ყველაზე ძვირ წამალს გამოწერს ხოლმე, როცა სხვა იაფი ალტერნატივაც არსებობს. აქ უკვე ექიმების მორალზეა ბევრი რამ დამოკიდებული. რაც მეტ წამალს გააყიდინებს წამლის შემომტანს, მით მეტ საკომისიოს მიიღებს თავად ექიმიც. ამიტომ საკმაოდ ხშირია არათუ მაქსიმალურად ძვირი, არამედ, იმავდროულად ზედმეტი მედიკამენტების გამოწერაც.

ექსპერტების თქმით, აქ გამოსავალი შესაძლოა იყოს, თუ პაციენტს მიეცემა საშუალება, რომ ერთი და იგივე შემადგენლობის წამლებიდან იაფი ამოირჩიოს. მაგალითად, ევროპაში მიღებული პრაქტიკაა, როდესაც ექიმი ნიშნავს იმავე შემადგენლობის მედიკამენტს, ანუ ჯენერიკებს, და არა კონკრეტული დასახელების წამალს.

„ამ შემთხვევაში, აფთიაქში შესული, მინდა ინგლისური წარმოების „პანადოლს“ შევიძენ 3 ლარად, მინდა − ბელარუსული წარმოების „პარაცეტამოლს“ 30 თეთრად. ეს ჩემი გადასაწყვეტი იქნება. სიცხეს ერთიც დამიწევს და მეორეც. მაგრამ თუ მინდა, რომ მაინცდამაინც ინგლისური პრეპარატი ვიყიდო, როგორც, მაგალითად, მაინცდამაინც „აიფონი“ ვატარო და არა „ჰუავეი“, მაშინ ვიყიდი ძვირ მედიკამენტს“, – ამბობს კოხრეიძე.

ირკვევა, რომ არსებობს ჯენერიკების საწინააღმდეგო არგუმენტაცია. კერძოდ, ისმება კითხვა: არის თუ არა კონკრეტული ჯენერიკი ისეთივე ბიოეკვივალენტობის მქონე, როგორიც ბრენდია? საქმე ისაა, რომ დღეს ქვეყანას არა აქვს ლაბორატორია, რომელიც მედიკამენტების ხარისხს უზრუნველყოფს. თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი ლაბორატორია ქვეყანაში წლის ბოლომდე შეიქმნება. ასე რომ, თუ ლაბორატორია ამუშავდება და თითოეული წამლის ხარისხი შემოწმდება, ნებისმიერი ჯენერიკი იქნება გარანტირებულად ხარისხიანი და ექიმიც შეძლებს პაციენტისთვის მის დანიშვნას. ასეთ შემთხვევაში კი მკურნალობის ფასმა, წესით, საგრძნობლად უნდა დაიკლოს.