მთაწმინდის პარკში ფესტივალი „ღვინის სოფელი“ გაიმართება

ფესტივალზე ღვინოს ის მარნები წარმოადგენენ, რომლებიც საბოლოოდ შეირჩა „ღვინის სოფლის“ პროექტში. ფესტივალზე დასწრება ფასიანია.
Sputnik

თბილისი, 23 ივნისი - Sputnik. ფესტივალზე „ღვინის სოფელი“, რომელიც მთაწმინდის პარკში გაიმართება, იმერულ, რაჭულ და ლეჩხუმურ ღვინოებს წარმოადგენენ, ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფესტივალი მთაწმინდის პარკში 3 ივლისს, 11:00-დან 18:00-მდე გაიმართება. ის ერთ სივრცეში მეღვინეებსა და ღვინის მოყვარულებს გააერთიანებს.

ფესტივალი „ღვინის სოფლის“ მიზანი რეგიონებში ღვინის ტურიზმის განვითარება, ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.

მონაკოს სამთავროში ქართული ღვინოები დააგემოვნეს

„პროექტი გულისხმობდა ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე სოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნების მოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზატორების ინფორმაციით, „ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ერთი წლის მანძილზე ახორციელებდა საგანმანათლებლო პროექტს მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტი ერთწლიანი იყო და ამჯერად იგი იმერეთის, რაჭისა და ლეჩხუმის რეგიონებს მოიცავდა.

„ღვინის კლუბის“ ფესტივალის „ღვინის სოფლის“ პარტნიორები არიან - The USAID Economic Security Program, g.Vino, Mtatsminda Park, Tchrebalo Wine Cellar, Sapere/საფერე.

ფესტივალზე მისულმა სტუმრებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია „ღვინის კლუბის" მაგიდასთან.