რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ეწვევიან

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა ვიზიტი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. რუმინეთის, ავსტრიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევიან, ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ Twitter–ზე დაწერა. 

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას ეწვევა

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალენბერგი და ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ვიზიტს 24-26 ივნისს განახორციელებენ.

28 მაისს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მინისტრთა ჯგუფი სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს ეწვევა, რათა რეგიონში ევროკავშირის შემდგომი ჩართულობის მზადყოფნა აჩვენოს.

ეს ბოლო პერიოდში სამხრეთ კავკასიაში უცხოელი დიპლომატების მეორე ტურნეა. 6–13 ივნისს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი.

მან შეხვედრები გამართა მთავრობის, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.