საქართველოში ერთ-ერთ საწარმოში ვადაგასული წამლები იპოვეს

საწარმომ ფარმაცევტული პროდუქტის ნაწილზე ვერ წარმოადგინა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატი.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. შვიდი დასახელების ვადაგასული მედიკამენტები აღმოჩენილია ერთ-ერთ ფარმაცევტულ საწარმოში, ნათქვამია საქართველოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს მონაცემებით, საწარმოს სულ 99.239 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი ჩამოერთვა.

სააგენტო არ აკონკრეტებს, რომელ კომპანიაში ჩატარდა შემოწმება და რა დასახელების მედიკამენტებია ამოღებული.

წამლების ხარისხი საქართველოში შემოწმდება: ეროვნულ ლაბორატორიას სახელმწიფო დააფინანსებს

შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ საწარმომ ფარმაცევტული პროდუქტის ნაწილზე ვერ წარმოადგინა აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატი.

გარდა ამისა, კომპანია პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას წესის დარღვევით ახდენდა. პირველი ჯგუფის მედიკამენტები გაიცემა მხოლოდ რეცეპტით და კონკრეტული დოზირებით.

წარმოების წესის დარღვევით არსებული ფარმაცევტული პროდუქტი კომპანიას ჩამოერთვა.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შესაბამისი ოქმი, ჩამორთმეული ფარმაცევტული პროდუქტის კონფისკაციის მოთხოვნით, სასამართლოს გადაუგზავნა.