თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად 1 ივლისიდან რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 24:00 საათამდე იმუშავებენ, განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
საქართველოში 1 ივლისიდან ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდება. გარდა ამისა, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ არის. აღნიშნული შეზღუდვის გაუქმება არ ვრცელდება დახურულ სივრცეებსა და ტრანსპორტზე.
„რესტორნებთან დაკავშირებით შეზღუდვები დარჩება, რესტორნები 24:00 საათამდე იმუშავებენ. აღნიშნული დროის შემდეგ რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულებები, მათ შორის ღამის კლუბები, აღარ იმუშავებენ. ანალოგიური შეზღუდვა გავრცელდება სასტუმროებში არსებულ რესტორნებზე“, – განაცხადა ღიბრაძემ.
საქართველოში რესტორნების მუშაობა გასული წლის 28 ნოემბრიდან აიკრძალა, თუმცა შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პროცესი ხორციელდებოდა. 15 თებერვლიდან რესტორნებს ღია სივრცეში საქმიანობის განახლების უფლება მისცეს, 8 მარტიდან მათ სტუმრების დახურულ სივრცეში მიღების უფლებაც დართეს, მხოლოდ არა უქმეებზე. 19 მარტიდან დაიშვა რესტორნებში „ცოცხალი მუსიკაც“.
22 მაისიდან კაფე–რესტორნებს უქმეებზეც დართეს მუშაობის ნება, თუმცა ღია სივრცეში. აღნიშნული შეზღუდვა 1 ივნისიდან მოიხსნა.