„გირჩი“ პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნის

საქართველოს ამ მოწვევის პარლამენტში შესაძლებელი გახდა პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებზეც ფრაქციის წესები ვრცელდება.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „გირჩის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საკითხს მხარი დაუჭირა, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კომიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება კონსულტაციების შემდეგ მიიღო. კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საპარლამენტო ინსტრუმენტების გამოყენების საშუალება ყველა ბარიერგადალახულ პარტიას ექნება.

„მეათე მოწვევის პარლამენტის ცხოვრება დაიწყო არასტანდარტული გზით, რითიც ქართულმა დემოკრატიამ მაგალითი აჩვენა მსოფლიოს. ამან, ბუნებრივია, გამოიწვია მთელი რიგი სიახლეები საპარლამენტო ცხოვრებაში, რამაც მოითხოვა რეგლამენტში ცვლილებების შეტანა. გაჩნდა პოლიტიკური ჯგუფის ცნება, რომელიც არ არის ფრაქცია, მაგრამ ბევრი მისი მსგავსი უფლებამოსილება მიეცა, რომ საპარლამენტო ცხოვრება ყოფილიყო ყველა იმ სუბიექტისათვის, ვინც ბარიერი გადალახა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის დეპუტატი გახდა

ივნისში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები რეგლამენტში, რომელთა მიხედვითაც პარლამენტში შესაძლებელი გახდა პოლიტიკური ჯგუფების ჩამოყალიბება, რომლებზეც ფრაქციის წესები ვრცელდება.

თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფში მინიმუმ ორი ადამიანი უნდა იყოს. ამასთან პოლიტიკური ჯგუფები ისარგებლებენ იმავე უფლებებით, როგორც ფრაქციები, გარდა ფრაქციისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებისა.

ამასთან, პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებს ექნებათ ბიუროზე დასწრების უფლება და ფრაქციებისთვის გათვალისწინებული ყველა სხვა უფლება, გარდა მოადგილის ყოლის უფლებისა.