დაიცავით წესები, თორემ დაჯარიმდებით: ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ტურისტებს აფრთხილებს

ადმინისტრაცია მოქალაქეებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და წესების დამორჩილებისკენ მოუწოდებს.
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია დამსვენებლებს მოუწოდებს, დაიცვან დადგენილი წესები, რომელთა დარღვევაც საჯარიმო სანქციებს ექვემდებარება. 

აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება

აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის მის ტერიტორიაზე მოქმედი წესებისა და ჯარიმების სია გამოაქვეყნა.

ბათუმის ბულვარის მთელ ტერიტორიაზე იკრძალება:

- დანაგვიანება. 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანებისთვის პირი 80 ლარით დაჯარიმდება;

- მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა მსგავსი მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა. წესის დარღვევა ითვალისწინებს პირის 20 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 50 ლარით დაჯარიმებას;

- ველობილიკზე ქვეითთა მოძრაობა;

- ელექტრომობილით, მოტოციკლითა და კვადროციკლით (ელექტროტრანსპორტით) გადაადგილება (დასაშვებია დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის მიმართულებით);

- ძაღლის ალიკაპის გარეშე გასეირნება. ძაღლის პატრონს გააფრთხილებენ ან 20 ლარით დააჯარიმებენ.

ბათუმის ბულვარი ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზღვისპირა პარკია მსოფლიოში. იგი ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. დღეს ბულვარის სიგრძე რვა კილომეტრია, იგი პირობითად იყოფა „ახალ" და „ძველ" ბულვარად.

ბულვარის ტერიტორიაზე მრავალი გასართობი ობიექტია – ბუნგალოები, კაფე-ბარები, რესტორნები, საბავშვო ატრაქციონები, მოცეკვავე შადრევნები.