თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა და რესტორნების სამუშაო დროის გახანგრძლივება საქართველოში ტურისტების რაოდენობაზე დადებითად აისახება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
1 ივლისიდან საქართველოში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება. გარდა ამისა, იმ დროიდან ყველა რესტორანი და ბარი 00:00 საათამდე იმუშავებს.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმის გამო, რომ დადებითი მოლოდინი გვაქვს ტურისტული სეზონის კარგად ჩატარების თვალსაზრისით. პოზიტიური დინამიკა გვაქვს ტურიზმში – იცით, რომ სახმელეთო საზღვრებიდანაც შემოდიან ტურისტები, ასევე აჭარაში იმატა ტურისტებმა“, - განაცხადა თურნავამ.
ამასთან ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სამ საერთაშორისო აეროპორტში ყოველდღიურად 300-350 რეისი სრულდება.
„თუ ამას შევადარებთ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, მაშინ კვირაში სრულდებოდა დაახლოებით, 600 ფრენა ანუ ნახევარზე მეტად მივუახლოვდით იმ ნიშნულს, რაც გვქონდა 2019 წელს“, - განაცხადა თურნავამ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ ტურისტული სეზონის პიკზე ხელისუფლება ელოდება დაახლოებით 70 პროცენტით დაახლოებას თუნდაც საჰაერო გზით შემოსული ტურისტების იმ რაოდენობას, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო.
კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო დაზარალდა. 2019 წელს საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ ტურიზმის სფეროში, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა.
ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 ათას დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა - 1,7 მილიონამდე.