დასახელდა COVID-19-ის სიმპტომი, რომელიც მხოლოდ ვაქცინირებულებში შეინიშნება

ბრიტანელმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ კორონავირუსზე ვაქცინირებულ და შემდეგ კვლავ ინფიცირებულ ადამიანებს სწორედ ეს სიმპტომი აღენიშნებათ
Sputnik

თბილისი, 22 ივნისი − Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცნები ადამიანს COVID-19-ისგან მნიშვნელოვნად იცავს, თუმცა ვირუსული დაავადება ვაქცინაციის შემდეგც შეიძლება დაგემართოთ, წერს გამოცემა Express-ი.

საქართველოში „ინდური შტამი" ვრცელდება: სიმპტომები და საფრთხეები

ამასთან გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ვაქცინაცია ძლიერ დარტყმას აყენებს ვირუსს - მნიშვნელოვნად ასუსტებს დაავადების სიმძიმეს და ნაკლებად გადამდებს ხდის მას. 

გამოცემის ინფორმაციით, COVID-19-ის მსოფლიოს უდიდესი მკვლევარისა და  სიმპტომებზე დაკვირვების დანართ ZOE COVID Symptom Study-ის მონაცემებიდან ირკვევა, რომ არსებობს სიმპტომები, რომლებიც მხოლოდ COVID-19-ზე ვაქცინირებულებში შეინიშნება. აღნიშნული სიმპტომები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა აუცრელ ადამიანებში.

ახალი მონაცემების თანახმად, ვაქცინირებულებში კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომია ხშირი ცემინება, რაც აუცრელებში უფრო მეტად გაციებისა და ალერგიის მანიშნებლად მიიჩნევა.

როგორ ამოვიცნოთ COVID-19 ბავშვებში

მეცნიერების ცნობით, ვაქცინირებული და შემდეგ COVID-19-ით კვლავ დაავადებული ადამიანები, არავაქცინირებულებთან შედარებით, უფრო ხშირად სწორედ ცემინებას ასახელებდნენ დაავადების სიმპტომად.

„თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ კავშირი ცემინებასა და COVID-19-ს შორის არც ისე ძლიერია. ამიტომ ყურადღება დაავადების ყველაზე გავრცელებულ ოც სიმპტომზე უნდა გაამახვილოთ, მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა ვაქცინირებული“, − გვირჩევენ  ZOE COVID Symptom Study-ს სპეციალისტები.

ეს სიმპტომებია:

  • სხეულის მაღალი ტემპერატურა (ცხელება);
  • ჟრჟოლა ან კანკალი;
  • გამუდმებული ხველება;
  • ყნოსვის დაკარგვა ან შეცვლა (ანოსმია);
  • გემოს დაკარგვა ან შეცვლა;
  • თავის ტკივილი;
  • უჩვეულო დაღლილობა;
  • ყელის ტკივილი;
  • გამონაყარი კანზე;
  • ცნობიერების აღრევა (ბოდვა) − განსაკუთრებით ხანდაზმულებში;
  • ცვლილებები პირში ან ენაზე (კოვიდური ენა);
  • ხელისა და ფეხის თითების სიწითლე და ტკივილი;
  • ქოშინი;
  • ტკივილი გულ-მკერდის არეში;
  • კუნთების ტკივილი;
  • ხმის ჩახრინწვა;
  • ფაღარათი;
  • უმადობა;
  • მუცლის ტკივილი;
  • სურდო.