თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანის პარტიას სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს გულითადად ვულოცავ წარმატებული არჩევნების ჩატარებას და, წინასწარი მონაცემებით, გამარჯვებას პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“. გისურვებთ წარმატებას მომავალშიც! მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას სომხეთის მთავრობასთან“, - წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
სომხეთის ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 53,92% მიიღო. ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ბლოკს „სომხეთს“ ამომრჩეველთა 21,4%-მა დაუჭირა მხარი, კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ბლოკს „პატივი მაქვს“ – 5,23%-მა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს ხმათა 7% არ მიუღია (ბარიერი), ის პარლამენტში მაინც მოხვდება, რადგან სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში აუცილებელია სულ მცირე სამი პოლიტიკური ძალის არსებობა.
არჩევნების საბოლოო შედეგები კენჭისყრიდან მეშვიდე დღეს გამოცხადდება.