თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. მუსიკალური ფესტივალი Magnetic Events, რომლის სცენაზეც სხვადასხვა ჟანრის ახალგაზრდა მუსიკოსები გამოვლენ, 9-10 ივლისს რაჭაში, სოფელ შოვში გაიმართება.
„9 ივლისიდან გეპატიჟებით რაჭაში, შოვში, ფესტივალზე, სადაც ისიამოვნებთ, როგორც ბენდების, ისე ელექტრონული მუსიკის არტისტების შემოქმედებით“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღისით მსმენელის წინაშე წარსდგებიან ისეთი არტისტები, როგორებიც არიან Killages, Bedford Falls, დიჯეი ანუშკა ჩხეიძე, მომღერალი ერეკლე დეისაძე, The Rylans და Nikakoi.
რაც შეეხება საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ იმღერებენ Rasadrashi, Qasra, Parna, Khvedeliani, Toka Kakabadze და სხვები.
შოვი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია საქართველოში, რომელიც ზღვის დონიდან 1520 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.