პლუს 40 გრადუსი – საქართველოში სიცხეებია მოსალოდნელი

მეტეოროლოგების ვარაუდით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 1 ივლისამდე ჰაერის მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. სინოპტიკოსები მოსახლეობას საქართველოში ძლიერი სიცხეების შესახებ აფრთხილებენ, მათი პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურამ შეიძლება 40 გრადუსს მიაღწიოს.

როგორც გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო იუწყება, 21–23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება – დაბლობში 33–38 გრადუსი, მთიან რეგიონებში კი 31–36 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.

24 ივნისიდან 1 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, 38 გრადუსს გადააჭარბოს.

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო სინოპტიკოსები მოსახლეობას ტყის ხანძრების გაჩენის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ.