„ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები დისლოკაციის ადგილის შეცვლას არ გეგმავენ

„რიონის ხეობის მცველებისთვის“ საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებული 13 ლოკაციიდან არც ერთი არ არის მისაღები.
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქციების ჩასატარებლად მთავრობის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ლოკაციებზე უარი განაცხადეს, განაცხადა საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა Facebook-ჩართვისას. 

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით რეფერენდუმი არ ჩატარდება – ცესკოს განმარტება

ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი თითქმის რვა თვეა გრძელდება. ბოლოს „რიონის ხეობის მცველების“ საპროტესტო აქციები სოფელ გუმათთან იმართებოდა. პოლიციას სოფელ ნამოხვანისა და კონკრეტულად სამშენებლო მოედნისკენ გზა გადაკეტილი ჰქონდა. მხარეებს შორის დიალოგში ევროპელი შუამავლობის ჩართვის შემდეგ მიღწეული იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ აქციის მონაწილეებს გზას გაუხსნიდნენ და რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის ადგილამდე მისვლის ნებას მისცემდნენ.

გოლეთიანის თქმით, 13-ვე ალტერნატიული ლოკაცია ადამიანთა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია და არ გამოდგება აქციის ჩასატარებლად.

„ჩვენ ვნახეთ ეს ადგილები. ბევრი მათგანი პრაქტიკულად მთის ფერდობზეა, სადაც ადამიანები ფიზიკურად დგომას ვერ შეძლებენ“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისი განმარტებით, შეთავაზებულ ადგილებში ასევე არ არის მობილური კავშირი, შესაბამისად, აქციის მონაწილეები ვერ შეძლებენ ერთმანეთთან დისტანციურად კომუნიკაციას. 

ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია ENKA რიონის ხეობაში დეესკალაციას მიესალმება

დღეს „რიონის ხეობის მცველებმა“ სოფელ ნამოხვანისკენ კომპანია ENKA-ს ტექნიკას გადაადგილების საშუალება ისევ არ მისცეს – მათ ამ დრომდე გზა აქვთ გადაკეტილი.

ადგილზე პოლიციაც რჩება, თუმცა უკვე განხორციელდა რკინის კონსტრუქციების დემონტაჟი, რომელიც ხეობაში 25 მაისს განთავსდა.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი". ამავე დროს, კაშხლისა და რაბის დახმარებით მოხდება წყლის დონის რეგულირება, რათა ხეობა არ დაიტბოროს.

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.