მინისტრი: ბათუმის აეროპორტის დატვირთვა 2019 წლის დონეს უახლოვდება

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში 100-105 რეისი სრულდება, რაც დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი პირველი ქართული აეროპორტია, რომლის დატვირთვამაც თითქმის მიაღწია პანდემიამდე არსებულ ნიშნულს, აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

მისი სიტყვებით, ბათუმის აეროპორტმა მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში 16%-ით მეტი მგზავრი მიიღო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„ნიშანდობლივია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღესდღეობით კვირაში 100-105 ფრენა სრულდება, რაც დაახლოებით იმდენივეა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სრულდებოდა. ეს ძალიან კარგი ნიშანია. ველოდებით, რომ თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიც მალე გავლენ იგივე ნიშნულზე, რაც პანდემიამდე ჰქონდათ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

აბუ-დაბიდან თბილისის მიმართულებით ფრენები იწყება

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ბათუმის აეროპორტმა 41%-ით დაიბრუნა მგზავრთნაკადის ის მაჩვენებელი, რომელიც 2019 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ჰქონდა.

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო დააზიანა. ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის პანდემიამდე 10%-ს შეადგენდა. დარგის რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები 2020 წლის სეზონისთვის უფრო საგულდაგულოდ მზადებისკენ წაახალისა, მაგრამ პანდემიამ ტურისტული ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედები ჩაშალა.