თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ოპოზიციონერი დეპუტატის გიორგი ვაშაძის ინიციატივას საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე მხარი არ დაუჭირა.
პარლამენტართა ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომიტეტს დღეს ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ გააცნო.
მისი განმარტებით, კანონპროექტი პენსიის გაცემაზე მონოპოლიის გაუქმებას. საპენსიო მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლების არარსებობას და თავისუფალი კონკურენციის პირობებში, საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის ავტომატურ კლებას უზრუნველყოფს.
„ჩვენი ინიციატივა არის ერთი მუხლის ცვლილება კანონში. რომ პენსიონერს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება და სახელმწიფომ ის არ დაავალდებულოს საპენსიო სესხი აიღოს ერთ კონკრეტულ საბანკო დაწესებულებაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს არის მტკივნეული საკითხი, რომელიც კომპლექსურ მოგვარებას ითხოვს.
„პარლამენტის თავმჯდომარესთან საპენსიო თემაზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი. ჯგუფში წარმოდგენილია ყველა სააგენტო, ეროვნული ბანკი, ფინანსთა, ჯანდაცვის სამინისტროები, სადაც ვფიქრობ, მოხდება პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება როგორც საპროცენტო განაკვეთთან, ასევე ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს რომ ამ საკითხს წერტილი დაესმება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
სხდომაზე პროექტით შეთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიციები ასევე დააფიქსირეს და შესაბამისი განმარტებები გააკეთეს ჯანმრთელობის დაცვის, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროების, სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა.
ადრე გიორგი ვაშაძემ ამ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომ რადგან საქართველოში პენსიის გაცემის ექსკლუზიურ უფლებას „ლიბერთი ბანკი” ფლობს, მას არ ჰყავს კონკურენტი და, შესაბამისად, ბაზარზე პირობებსაც სწორედ „ლიბერთი ბანკი” ადგენს.
„ლიბერთი ბანკში” საპენსიო სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 30.65 პროცენტს შეადგენს. დღესდღეობით ქვეყანაში დაახლოებით 800 ათასი პენსიონერია, რომელთა თითქმის ნახევარი საპენსიო სესხით სარგებლობს. „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე, მაგალითად, სხვა მოქალაქეებისათვის გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც სხვადასხვა ბანკში 15%-დან იწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყველაზე ძვირ სესხს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი – პენსიონერები იღებენ”, — განაცხადა ვაშაძემ.
დღეს საქართველოში ხანდაზმულობის პენსია ენიშნებათ 60 წელს გადაცილებულ ქალებს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებს. 70 წლამდე პენსიონერები იღებენ 240 ლარის ოდენობით პენსიას, 70 წელს გადაცილებული პირები კი 275 ლარს იღებენ. სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის ჯამში 2,6 მლნ ლარია გამოყოფილი.
Liberty Bank – ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკია 2 მილიარდ ლარზე მეტი მთლიანი აქტივებით და 200 მილიონი ლარის მქონე კაპიტალით. ბანკს გააჩნია ყველაზე მსხვილი საფილიალო ქსელი, რომელიც 360 განყოფილებას და 570 ბანკომატს მოიცავს. ის არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების კუთხით. ბანკში მუშაობს 4600-ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ კლიენტს ემსახურება.