ექვსი წლის ბავშვის წამების საქმეზე სასამართლო სხდომა დაიხურა

ბავშვის მიმართ აღზრდის სასტიკი მეთოდების გამოყენებისთვის მის დედას და მამინაცვალს 9-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

შაბათს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია 6 წლის ბავშვის წამების და ცემის შესახებ. თბილისში არასრულწლოვნის დედა და მამინაცვალი დააკავეს. თავად დაზარალებული და მისი უმცროსი ძმა მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს.

ახალციხეში დედას ჩამორთმეული შვილები დაუბრუნეს

ბრალდების მონაცემებით, ბავშვს აშიმშილებდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, ხელებს უწვავდნენ.

იმის გამო, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება და სხდომაზე მისი პერსონალური მონაცემები შეიძლება გაჟღერდეს, პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა სხდომის დახურვაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა სრულად დაიხურა გარდა გადაწყვეტილების მიღების გამოცხადებისა.

დღეს პროკურატურა მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.

6 წლის ბავშვის მშობლებს (დედა და მამინაცვალი) ბავშვის წამება ედებათ ბრალად. გამოძიების ვერსიით, საუბარია 2019-2020 წლების პერიოდზე, რა დროსაც წამების ფაქტი რამდენჯერმე გამეორდა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი ნინოწმინდის პანსიონში მეუფე იაკობის საქმიანობას აფასებს

დაკავებულთა ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას თქმით, საქმეში წამების გამოყენების მტკიცებულება არ არსებობს, საქმეში არის მხოლოდ ბავშვის ჩვენება, რომელიც, როგორც იურისტი ამტკიცებს, მის ნაცვლად დაწერეს და ხელი მოაწერერინეს. რაც შეეხება გავრცელებულ ფოტოებს, იურისტი ამტკიცებს, რომ ფოტოები ერთი წლის წინაა გადაღებული და უცნობია, როგორ მიიღო მაშინ ბავშვმა დაზიანებები. მისივე თქმით, ამჟამად ბავშვს არანაირი დაზიანება არ აღენიშნება.

ბავშვის დედას და მამინაცვალს ბრალი სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით ედებათ („ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ“). დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.