დადასტურდა თუ არა ქართველი პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი საბერძნეთში: საელჩო

საელჩო აღნიშნავს, რომ დიპლომატიური უწყების წარმომადგენლებმა განუმარტეს მოქალაქეს, რომ დაინტერესებული არიან სიმართლის გარკვევით, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს სასამართლო გადაწყვეტს.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოს საელჩომ საბერძნეთში უარყო ინფორმაცია ბერძნულ საპატიმროში საქართველოს მოქალაქის მიმართ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ.

მანამდე ქართულ მედიაში გამოქვეყნდა ინტერვიუ საბერძნეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქესთან, სადაც იგი საუბრობს საბერძნეთის პოლიციის მხრიდან მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე.

„საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია საბერძნეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქესთან (გ.ხ.). ბოლო სატელეფონო საუბარი შედგა, გუშინ, 18 ივლისს. დაკავებულმა განგვიცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
„ყაჩაღობის სცენა დავდგი“ – 20 წლის ბერძენი ქალის მკვლელი მისი ქმარი აღმოჩნდა

საელჩოს ინფორმაციით, ხანდაზმულ ცოლ-ქმარზე ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას. პოლიციის ინფორმაციით კი თავდასხმასთან მისი კავშირი შესაბამისი დნმ-ის ექსპერტიზით დადასტურდა.

საელჩოში ასევე გაავრცელეს პოლიციაში მოპოვებული ინფორმაცია, სადაც მითითებულია, რომ საქართველოს მოქალაქე დააკავეს არალეგალურად ყოფნის და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით, შემდეგ კი გამოავლინეს მისი კავშირი თავდასხმასთან.

საელჩო აღნიშნავს, რომ დიპლომატიური უწყების წარმომადგენლებმა განუმარტეს მოქალაქეს, რომ დაინტერესებული არიან სიმართლის გარკვევით, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს სასამართლო გადაწყვეტს.

საელჩოში გამოთქვეს მზადყოფნა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინონ დახმარება დაკავებულს.