Google-ის მომხმარებლები აჭარაში ვირტუალურ მოგზაურობას შეძლებენ

Google-ის ფოტოგრაფები 10 დღის განმავლობაში ბათუმში, ქობულეთში, ბოტანიკურ ბაღში, რეგიონის ეროვნულ პარკებსა და სხვა მიმზიდველ ტურისტულ ადგილებში გადაღებებს აწარმოებდნენ.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. Google-ის წარმომადგენლები აჭარის ძირითად ტურისტულ ადგილებს აციფრულებენ, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, რეგიონს Google-ის ოფიციალური წარმომადგენლები ფოტოგრაფებთან ერთად სტუმრობენ.10 დღის განმავლობაში ისინი იღებდნენ ძირითად ტურისტულ მიმართულებებს - ბათუმს, ქობულეთს, ბოტანიკურ ბაღს, რეგიონის ეროვნულ პარკებს.

თბილისი სკანდინავიური ტურისტული ასოციაციების წევრი გახდა

შედეგად Google-ის მომხმარებლები შეძლებენ აჭარის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ვირტუალურად იმოგზაურონ.

გადაღებების გარდა, Google-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აჭარაში ფოტოგრაფებისა და ოპერატორებისთვის ტრენინგები ჩაატარეს. ტრენინგი მიეძღვნა Google-ის ონლაინ-ინსტრუმენტების, რუკის გამოყენებას. გარდა ამისა, ფოტოგადაღებებში მასტერ-კლასი ჩატარდა.

კომპანიის წარმომადგენლები მუშაობა 18 ივნისს დაასრულეს, ხოლო Google-ის რუკაზე განახლებული მასალები აჭარის შესახებ ორი კვირის შემდეგ გამოჩნდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ კაიკაციშვილის თქმით, Google-ის წარმომადგენლებმა აქტიური და მასშტაბური გადაღებები აწარმოეს.

მისი თქმით, ეს გაზრდის აჭარის შესახებ ციფრული მასალების ხელმისაწვდომობას Google-ის პლატფორმაზე და, შესაბამისად, აჭარის ცნობადობას და პოპულარობას გაზრდის.

კანიონინგი, ექსტრემალური ველობილიკები, ახალი ტურისტული მარშრუტები - აჭარაში ახალი საზაფხულო ტურისტული სეზონი გაიხსნა. წელს რეგიონი სტუმრებს ახალ გართობას სთავაზობს. სტუმრებისთვის ოფიციალურად გახსნილია რეგიონში მოქმედი ოთხივე ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორია. კვების ობიექტები სტუმრებს დახურულ სივრცეებში უქმეებზეც მასპინძლობენ.

რომელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ აუცრელი ტურისტები - საქართველომ ქვეყნების სია გააფართოვა

წელს რეგიონი ზღვაზე დასვენებასთან ერთად სტუმრებს ახალ ტურისტულ ადგილებსა და პროდუქტებს სთავაზობს. მათ შორისაა კანიონინგი უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი ქედა–შუახევში, ახალი საპიკნიკე ადგილები ჩირუხში, კაპნისთავსა და სოფელ შუამთაში. გარდა ამისა, მოგზაურებს საშუალება აქვთ ახალ ტურისტულ ბილიკებზე იმოგზაურონ ღორჯომის ხეობაში, ჭვანა-კინტრიშის ხეობასა და კაპნისთავში.

მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს შეუძლიათ ტურისტული მარშრუტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნონ საინფორმაციო ცენტრის „ცხელ ხაზზე“ 577 909093 და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე https://visitajara.com/ka/about-agency.

აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნა. რეგიონი ტურისტებისა და დამსვენებლების დიდი ნაკადის მისაღებად ემზადება.

ეპიდემიოლოგები როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ტურისტებს კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ.