„30 წელი – აბსტრაქცია და დეკადები“: თბილისში უჩვეულო გამოფენა იხსნება

გამოფენის ორგანიზატორების განცხადებით, ფოტოებისა და ფერწერული ნამუშევრების კომბინაცია უახლესი საქართველოს რეალობას წარმოადგენს.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. გამოფენა სახელწოდებით „30 წელი – აბსტრაქცია და დეკადები“, რომელიც ქართველი მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრებს გააერთიანებს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში 18 ივნისს გაიხსნება, იუწყებიან ორგანიზატორები. 

„ბერძნები საქართველოში“: თბილისში იმართება გამოფენა უნიკალური ექსპონატებით

ექსპოზიციაზე  თითოეული მხატვრისა და ფოტოხელოვანის ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება როგორც დამოუკიდებელი საქართველოს განზოგადებული ქვეთავი.

გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს ფერწერულ ტილოებს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან და ქართული საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ დოკუმენტურ ფოტოებს.

„ისტორიულ–ვიზუალური თხრობა მხოლოდ ემოციური და ასოციაციურია, არანაირი კონკრეტული აქცენტი ან პათოსური მუხტი – დამთვალიერებელი სუბიექტურად დანახულ საქართველოს უახლეს ისტორიას აღიქვამს. დოკუმენტური მასალა უკიდურესად განზოგადებულია და პოეტური, თუმცა ფოტოები რეალურ ფაქტებს ასახავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრებისა და ფოტოგრაფების – ჯიბსონ ხუნდაძის, თემო ჯაფარიძის, ალექსანდრე ბანძელაძის, ოთარ ჩხარტიშვილის, ირაკლი ფარჯიანის, იური ბერიშვილის, გივი კიკვაძის, შახვალად აივაზოვის, ფელიქს კრიმსკის, ლეილა შელიას და ბონდო დადვაძის ნამუშევრები.

გამოფენა (მის: რუსთაველის გამზირი, №7) 18 ივნისს, 16:00 საათზე გაიხსნება და 18 ივლისამდე გასტანს. შესვლა თავისუფალია.