საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში მიღება გამართა

ოფიციალური სტუმრების მიღება რომში, კანცელარიის სასახლეში ფოლკლორულ ანსამბლ „ბასიანის" მონაწილეობით ჩატარდა.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელით ვატიკანში საზეიმო მიღება გაიმართა, რომელზეც მაღალი რანგის სტუმრები და დიპლომატები იყვნენ მიწვეული, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ზურაბიშვილმა მიღებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა და ქართული კულტურა, ტრადიციები და ღირებულებები გააცნო.

„300 წლის წინ სულხან-საბა ორბელიანი ვატიკანში ჩამოვიდა და პაპთან აუდიენცია გამართა. უკვე მაშინ ცდილობდა იგი საქართველოსა და ვატიკანს შორის კავშირების დამყარებას. დღეს სულხან-საბა ქართული დიპლომატიის მამად არის მიჩნეული და ქრისტიანულ ევროპასთან კავშირის სიმბოლოა", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველომ და ვატიკანმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

მიღებაზე სტუმრების წინაშე წარდგა ქართული ფოლკლორული ანსამბლი "ბასიანი", რომელმაც ყველაზე ცნობილი ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა.

„დღეს აქ წარმოგიდგინეთ ქართული მრავალხმიანი სიმღერა, რომელიც ქართული უნიკალური კულტურის ნაწილია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიმღერებით მცირედით მაინც გასაგები გახდება – რა იყო, რა არის და რა იქნება საქართველო!" – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით ვატიკანში იმყოფება. ვიზიტის პირველ დღეს გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს ის შესაძლებლობები, რაც ქართველ სტუდენტებსა და მკვლევარებს მისცემს საშუალებას – ისწავლონ ვატიკანის მუზეუმის სასწავლო ლაბორატორიებში და გაიარონ ექვსთვიანი პრაქტიკა შვიდ სხვადასხვა სახეობის სახელოსნოში.

თანამშრომლობის მეორე მიმართულება დაკავშირებულია გამოფენების გამართვასთან, მესამე კი ვატიკანის მუზეუმის წარმომადგენლების ჩართვას გულისხმობს საქართველოში მიმდინარე სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოებში.