თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდა ვატიკანში. შეხვედრის ამსახველი ფოტოები პრეზიდენტის სოციალური ქსელებით გავრცელდა.
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ვატიკანში ორ სახელმწიფოს შორის კულტურული კავშირების განმტკიცების მიზნით.
მანამდე, პირველად საქართველოსა და ვატიკანის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში, თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ვატიკანში ასევე გაიმართა საზეიმო მიღება საქართველოს პრეზიდენტის სახელით, რომელზეც მაღალჩინოსანი სტუმრები და დიპლომატები იყვნენ მიწვეული.
საქართველომ და ვატიკანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის მაისში დაამყარეს. ორმხრივი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება მეცნიერებისა და განათლების სფეროში. ვატიკანის მიერ გამოყოფილი სტიპენდიები ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობას უჩენს, თეოლოგიური განათლება მიიღონ რომში. გარდა ამისა, ვატიკანი სტიპენდიებს უნიშნავს ნიჭიერ ქართველ მუსიკოსებსაც, რათა იტალიის წამყვან კონსერვატორიებში განაგრძონ სწავლა.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ქართველ მეცნიერებს მიეცათ შესაძლებლობა, ორი წლის განმავლობაში ემუშავათ ვატიკანის კონგრეგაციის დაცულ არქივებში, სადაც საქართველოს შესახებ უძველესი ხელნაწერებიც ინახება.
ამასთან ვატიკანი დიდ ყურადღებას უთმობს ქართული კულტურის ძეგლების დაცვასა და აღდგენას. მაგალითად, წმინდა ტახტის ნუნციატურის მხარდაჭერით აღდგა სვანეთში დაცული უძველესი ქართული ხატები.