შეთანხმდება თუ არა ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე? საქმე არც ისე მარტივადაა

თვითმმართველობის არჩევნებისთვის მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რათა ხმების 43%-ზე მეტი აიღოს, ოპოზიცია კი ძალას არ დაიშურებს, რათა „ქართულ ოცნებას“ ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. რაც უფრო ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები, მით მეტ აქტუალობას იძენს კითხვა – რას მოიმოქმედებს ოპოზიცია და მმართველ პარტიას დაუპირისპირებს თუ არა ერთიან კანდიდატს დედაქალაქის „დასაპყრობად“. 

ცნობილი გახდა როდის დაასახელებს მმართველი პარტია მერობის კანდიდატებს

არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება. ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნებს წელს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ოქტომბრის არჩევნები გადაწყვეტს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება–არჩატარების საკითხს. ასეთია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ხელმოწერილი კომპრომისული შეთანხმების პირობა – თუ მმართველი პარტია პროპორციული ხმების 43%-ს ვერ აიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

ორი დღის წინ პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მზადაა ოპოზიციას თბილისის მერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა შესთავაზოს.

„დიდი ხანია საუბარია მედიაში, ვინ უნდა იყოს მერობის საერთო კანდიდატი. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იქნება ხალხისთვის. საზოგადოებას ვთავაზობ ჩემს კანდიდატურას განსახილველად”, – დაწერა ანა დოლიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკოსი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს და გია ვოლსკისა და ზურაბ ჯაფარიძის („გირჩი“) შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა. 

ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს

დოლიძე ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელში. დღე არ გავა, რომ მან არ გამოაქვეყნოს ვიდეომიმართვა. მარტო Facebook-ზე მას 80 ათასი ხელმომწერი ჰყავს. დოლიძე მონაწილეობს საპროტესტო აქციებში, არ წყვეტს შეხვედრებს თბილისელებთან.

როგორც პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, დოლიძე საკმაოდ ნეიტრალური და დიდი გამოცდილების მქონე ცნობილი ფიგურაა.

„ანა დოლიძე საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა. მას დიდი გამოცდილება აქვს. თავის დროზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე იყო. პოლიტიკურად ის საკმაოდ ნეიტრალური ფიგურაა, ამიტომ მისი კანდიდატურა მისაღებია. მთავარია, რომ იგი ნაკლებად პოლიტიზებულია“, – განაცხადა ექსპერტმა.

მისი თქმით, ოპოზიციას ნეიტრალური კანდიდატის პოვნა გაუჭირდება. ამიტომ მოცემულ სიტუაციაში, თუ საერთოდ შესაძლებელია, რომ ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი ჰყავდეს, სწორედ ასეთი ნეიტრალური ადამიანის მოძებნა აჯობებს.

არა მხოლოდ ნეიტრალური, არამედ აპოლიტიკური ფიგურის პოვნის აუცილებლობაზე საუბრობს პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი და ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე.

მისი სიტყვებით, ოპოზიციისთვის საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა აპოლიტიკური ფიგურა. ხაზარაძე ასეთ კანდიდატად მიიჩნევს რომელიმე „წარმატებულ ქართველს“, მაგალითად, მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელს.

ოპოზიციურ პარტიებს შორის აღნიშნულ საკითხზე ერთიანი შეხედულება არ არსებობს. ერთიანი კანდიდატის წამოყენების წინააღმდეგია პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

მისი სიტყვებით, პარტია შექმნის „მესამე მძლავრ პოლიტიკურ ძალას თავისი კანდიდატის წამოსაყენებლად“.

საკუთარი კანდიდატის წამოყენება ურჩევნია პარტიის „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძესაც.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია პრაქტიკულად დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე ვერ შეთანხმდება.

„ვფიქრობ, ყველა მსხვილ პარტიას, მათ შორის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, არჩევნებზე თავისი კანდიდატი ეყოლება“, – აღნიშნა მაისაიამ. 

ირაკლი კობახიძე: მელია თუ ერთადერთი კანდიდატი იქნება არჩევნებს დამაჯერებლად მოვიგებთ

თავისი სიტყვების დასამტკიცებლად მას მოჰყავს ანა დოლიძისა და გიორგი ვაშაძის ამასწინანდელი გამონათქვამები.

მაისაია დარწმუნებულია, რომ არჩევნების შედეგი დიდწილად დამოკიდებულია იმაზეც, იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე.

მაისაიას თქმით, კალაძე პასიურად იქცევა და არ მონაწილეობს პარტიის შიდა დებატებში, მაგრამ რა გეგმები აქვს არჩევნებთან დაკავშირებით, ჯერ უცნობია.

„მისი პასიურობა, ის, რომ იგი არ ერევა პარტიის შიდა დებატებში და როგორღაც განცალკევებით დგას, ბადებს აზრს, რომ მეორედ კენჭს არ იყრის. ეს კი თავად პროცესის ირგვლივ ინტრიგას გააძლიერებს“, – ფიქრობს მაისაია.

ამასთან, ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ხელსაყრელია კალაძის მეორე ვადით არჩევა.

რას ამბობს კალაძე?

იყრის თუ არა კენჭს მეორე ვადით თბილისის მოქმედი მერი, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე, ჯერ უცნობია.

ქართული მასმედია წერდა, რომ კალაძე მმართველი პარტიის დატოვებასა და პოლიტიკიდან წასვლას აპირებდა. გავრცელდა ხმები, რომ მოქმედი მერი აპირებს მილანში დაბრუნებას, სადაც ოდესღაც წარმატებული ფეხბურთელის კარიერა ააწყო. 

„ეს იყო შოკი" – კალაძე საკუთარ ავადმყოფობაზე

კალაძის მომავალ გეგმებზე მოარულ ხმებს ამძაფრებს ჯანმრთელობის პრობლემებიც, რაც მას გაზაფხულზე გამოუვლინდა. მერის დიაგნოზი, არასამედიცინო ენით, ვესტიბულარული აპარატის დარღვევებს უკავშირდება. ბოლო პერიოდში მერს თავბრუსხვევები დაეწყო.

კალაძე ჯერჯერობით თავს არიდებს პასუხს კითხვაზე – იყრის თუ არა კენჭს მეორედ დედაქალაქის მერის თანამდებობაზე და ყოველთვის ერთსა და იმავეს იმეორებს: „ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“.

თავის მხრივ, თანაპარტიელები მას თბილისის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მერს უწოდებენ და ხაზს უსვამენ, რომ „შეუძლებელია ვერ შეამჩნიო, როგორ შეიცვალა დედაქალაქი კალაძის მერობის პერიოდში“.

კახა კალაძე თბილისის მერად 2017 წელს აირჩიეს. მაშინ მან ამომრჩეველთა ხმების 51,09% მიიღო. კალაძეს მხარი დედაქალაქის 204 ათასმა მცხოვრებმა დაუჭირა.

იქნებ მელია?

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია იმყოფებოდა იქ, სადაც საკუთარი ნებით არავინ მიდის, მისი სახელი ოპოზიციის მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატად არაერთხელ გაისმა. მაგალითად, მელიას კანდიდატურის წამოყენების წინადადებით „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი გიგი უგულავა გამოვიდა. 

მელია თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატურის საკითხზე ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს

თავად მელიამ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე ორაზროვნად ისაუბრა და აღნიშნა, რომ „კოლეგებთან ეს თემა არ განუხილავს“.

ექსპერტების აზრით, ქართული ოპოზიციისთვის თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის წამოყენება მომგებიანი იქნებოდა. მეტი წარმატებისთვის აჯობებდა კანდიდატის შერჩევა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რომელიც მათთვის ერთგვარი „ლოკომოტივი“ გახდება.

დანარჩენი პარტიები, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ძლიერ ჩამორჩებიან „ნაციონალურ მოძრაობას“ და ნაკლებად მოსალოდნელია, მათმა კანდიდატებმა „ოცნებას“ კონკურენცია გაუწიონ.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, მან წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა – მომავალ არჩევნებზე დამაჯერებლად გამარჯვება და ხმების 43%-ზე მეტის მიღებაა.