თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიწყო იმ საჩივრების არსებითი განხილვა, რომლებიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიამ (საია) და ორგანიზაცია EHRAC-მ შეიტანეს 2019 წლის ივნისში აქციის დაშლის დროს დაზარალებული ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების სახელით, ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საია-მ აღნიშნულ საქმეებზე ორი სარჩელი 7 აპრილს წარადგინა, რომლებშიც საუბარია ძალის გადამეტებაზე და ეფექტიანი გამოძიების არჩატარებაზე. გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ.
„ევროპულმა სასამართლომ საჩივარში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები საქართველოს მთავრობას. სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, სახელმწიფომ სასამართლოს წინაშე უნდა წარადგინოს პოზიცია იმ საკითხზე, დაირღვა თუ არა ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების მიმართ საჩივარში მოხმობილი უფლებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
საია-ს ინფორმაციით, მხარეებს 2021 წლის 3 სექტემბრამდე მიეცათ ვადა შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგება, მთავრობა დამატებით 12 კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საია-ს ადვოკატების მოთხოვნა და დაავალა საქართველოს მთავრობას, წარმოადგინოს 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები.
გავრცელებული ინფორმაციით, გენერალური პროკურატურა არ რთავს ნებას დაზარალებულებს, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალებს. საია-ს ინფორმაციით, ეროვნულ დონეზე დაზარალებულის სტატუსი ამ დროისათვის საია-ს დაცვის ქვეშ მყოფი 22 პირიდან მხოლოდ სამს აქვს მინიჭებული.
- საია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიმართ, რომელბმაც ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ სერიოზული დანაშაული ჩაიდინეს.
2019 წლის 20 ივნისს თბილისში პროტესტი რუსეთის სათათბიროს დეპუტატის, კომპარტიის წევრ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ დაიწყო. აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციამ 300-ზე მეტი პირი დააკავა, 240 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორმა ადამიანმა, რომელთა შორის ერთ-ერთი 18 წლის მაია გომური იყო, პოლიციის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.