აბუ-დაბიდან თბილისის მიმართულებით ფრენები იწყება

ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.
Sputnik

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ქართულ ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi შემოდის, რომელიც აბუ-დაბიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ფრენები აბუ-დაბი–თბილისი–აბუ-დაბის მიმართულებით 1 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (28 ოქტომბერი) კვირაში სამი სიხშირით – ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას განხორციელდება.

ავიაკომპანიამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან შესაბამისი ნებართვა 18 ივნისს მიიღო. ფრენებს საჰაერო ხომალდი Airbus 320 შეასრულებს.

Air Arabia Abu Dhabi ავიაკომპანიების Etihad Airways-ის და Air Arabia-ს მიერ ერთობლივად ჩამოყალიბებული სამგზავრო ავიაგადამზიდველია, რომელმაც დაბალბიუჯეტური ფრენების განხორციელება 2020 წელს დაიწყო.