„შეცვალეთ მონის კოდექსი": თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა

საპროტესტო აქციის მონაწილეთა განცხადებით, ქვეყანაში დასაქმებულთა უფლებები დაცული არ არის და უმეტეს შემთხვევაში მათ არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. პარლამენტის შენობის წინ ახალი შრომის კოდექსის მიღების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.

საქართველო სოციალური აფეთქების ზღვარზე – მუშების პროტესტი არ წყდება

აქციაში, რომელიც ოპოზიციური პარტია „ქართული დასის" ორგანიზატორობით გაიმართა, 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ პლაკატებით - „დამლაგებელი მონა არ არის", „მუშა მონა არ არის", „არც პედაგოგია მონა", „შეცვალეთ მონის კოდექსი".

„დღევანდელი აქციის ძირითადი ლოზუნგია - "დასაქმებული მონა არაა!". ეს არის მთავარი მესიჯი ჩვენი პარლამენტარებისთვის, რომელთა უმეტესობა ბიზნესმენია და რომლებსაც არ აინტერესებთ უბრალო ადამიანები და მათი პრობლემები. ჩვენ მშრომელთა უფლებების დასაცავად მომავალშიც ვიბრძოლებთ", – განაცხადა „ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ.

ბაღათურიამ აქციის მონაწილეებთან ერთად პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი საქართველოში შრომითი პირობების გაუმჯობესების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშახელს შორის ურთიერთობის სამართლიან რეგულირებას, ხელფასების ზრდას და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქვეყანა გაფიცვების ტალღამ მოიცვა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით. უმრავლეს შემთხვევაში გაფიცულებმა საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მიაღწიეს.