თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. 2021 წლის მაისის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებმა მილიონ ჰექტარზე მეტი საერთო ფართობის მიწის ნაკვეთები დაირეგისტრირეს, ნათქვამია სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიშში.
2019 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა მიწის ნაკვეთების სისტემური და სპორადული რეგისტრაციის კონცეფცია, რომელიც პროცესის დასრულებას სამ წელიწადში გულისხმობს. სისტემური დამოკიდებულებისას კონკრეტულ რაიონში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი საკადასტრო წიგნში ერთდროულად შედის, ხოლო სპორადული დამოკიდებულების შემთხვევაში რეგისტრაცია მოთხოვნის მიხედვით ტარდება.
ანგარიშის თანახმად, სპორადული სისტემის ფარგლებში მიწის დარეგისტრირების სურვილი მილიონ ადამიანზე მეტმა გამოთქვა.
რაც შეეხება სისტემურ რეგისტრაციას, 2020 წლის ზაფხულში ონის, ამბროლაურის, ლენტეხისა და ოზურგეთის შვიდ მაღალმთიან სოფელში 9,2 ათასი მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდა.
პროგრამა ასევე გავრცელდა კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის 28 სოფელზე, სადაც უკვე განხორციელდა 16 ათასი მიწის ნაკვეთის აზომვა, 500 ნაკვეთის მონაცემები მუშავდება. რეგისტრაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.
რეფორმის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის პროცედურები 2016 წლის 1 აგვისტოდან გამარტივდა. მისი მიზანია მფლობელთა უფლებების დაცვა. მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.