საქართველოს ავიაბაზარზე ყირგიზული ავიაკომპანია შემოდის

ავიაკომპანია ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელებას 18 ივლისიდან მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, კვირაში ერთხელ გეგმავს.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოში ჩარტერული ფრენების დაწყების გადაწყვეტილება კიდევ ერთმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ, ყირგიზულმა Air Manas-მა მიიღო, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ავიაკომპანია ავიარეისებს ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით შეასრულებს.

თბილისი სკანდინავიური ტურისტული ასოციაციების წევრი გახდა

ყირგიზეთის რესპუბლიკის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Manas-ი ბიშკეკი-ბათუმი-ბიშკეკის მიმართულებით 18 ივლისიდან დაიწყებს ოპერირებას. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელებას მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, კვირაში ერთი სიხშირით - კვირაობით გეგმავს.

„კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა სასიხარულო ამბავია. თითოეული ახალი ავიაკომპანია, რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენს ავიაბაზარს ემატება, ძალიან კარგი მოვლენაა და ტურიზმის სწრაფად აღდგენას მოასწავებს. ამავდროულად ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყირგიზეთსა და საქართველოს შორის იწყება ავიამიმოსვლა. ასე რომ, ველოდებით ყირგიზ სტუმრებს არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 17 ივნისს მიენიჭა.

რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ მიმდინარე წლის 1 თებერვალს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ განაახლა.

ამჟამად უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გადმოლახვა შეუძლიათ კორონავირუსის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და/ან PCR–ტესტის უარყოფითი პასუხით.