„ქართულ ოცნებაში" განმარტეს, თუ როდის დააკავებენ გახარიას

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გახარიამ შექმნა თავისი პარტია და სამიზნე ელექტორალური ჯგუფების თვალსაზრისით „ქართული ოცნების“ კონკურენტი გახდა.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან მიმართებით გამოძიება მხოლოდ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

გახარიას მიმართ შესაძლო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ საუბარი მასმედიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი პარტიის ლიდერებმა იგი დაადანაშაულეს 2019 წლის 20–21 ივნისის ღამეს პარლამენტზე შტურმის თავიდან აცილების მიზნით სპეცოპერაციის არასწორად დაგეგმვაში. მანამდე მმართველმა პარტიამ გახარია სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა.

„როდესაც მან (გახარიამ) მოითხოვა მელიას („ნაცმოძრაობის" ლიდერის) დაკავების ღონისძიების გადადება ორი-სამი დღით, მაშინ, როდესაც გვქონდა ინფორმაცია იმ დღეებში ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით, ეს ჩვენთვის ეჭვის საფუძველი გახდა, მაგრამ გამოძიების შესახებ საუბარი შეიძლება მაშინ დაიწყოს, თუ კონკრეტული ფაქტები იქნება", – განაცხადა მდინარაძემ.

რამ შეუშალა ხელი გახარიას შს მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას? კობახიძე კარტებს ხსნის

ივნისის დასაწყისში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გახარიას მხრიდან პრემიერის პოსტის დატოვების თაობაზე სკანდალური დეტალები გაასაჯაროვა და მისი პერსონა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა.

კობახიძის მტკიცებით, პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების ორ-სამ დღეში შეცვლის გეგმა და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მზადყოფნას გამოთქვამდნენ ალტერნატიული მთავრობის მხარეს გადასულიყვნენ.

კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის" გეგმებთან გახარიას კავშირებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ვადით, ორი-სამი დღით ითხოვდა გახარია "ნაცმოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავების გადავადებას. თუმცა, კობახიძე ასევე ამბობს, რომ არ იცის ძალოვანი სტრუქტურებიდან ვინ იყო მზად გადასულიყო ალტერნატიული მთავრობის მხარეს, მაგრამ მისთვის ზუსტადაა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილი 19 თებერვლისთვის გეგმავდა საქართველოში დაბრუნებას.

მმართველი პარტიის პასუხად გახარიას პარტიამ მოითხოვა გამოძიების დაწყება და მტკიცებულებების წარმოდგენა. პარტიამ საქართველოს პროკურატურასაც მიმართა, კობახიძემ კი გახარიას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად მზადყოფნა გამოთქვა.