თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ღვიძლის სტეატოზი, ან ცხიმოვანი ღვიძლი „მდუმარე დაავადებაა“, ვინაიდან ის შესაძლოა დიდხანს უსიმპტომოდ ან მცირედ გამოხატული კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობდეს მანამ, სანამ ორგანოზე ნაწიბურები არ გაჩნდება, იუწყება გამოცემა Daily Express დიდი ბრიტანეთის ღვიძლის ფონდის (British Liver Trust) სპეციალისტებზე დაყრდნობით.
მედიკოსების თქმით, როდესაც ღვიძლზე ნაწიბურები ჩნდება, მისი პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება უკვე შეუძლებელია. ამიტომ, სერიოზული პრობლემების თავიდან ასარიდებლად, საჭიროა იცოდეთ რამდენიმე ნიშანი, რაც ცხიმოვანი ღვიძლის განვითარებაზე მეტყველებს.
ექიმები, პირველ რიგში, ყურადღების ხელებზე გამახვილებას გვირჩევენ, ვინაიდან, მათი თქმით, სწორედ ხელების კანის ფერი, ფრჩხილების მდგომარეობა და თითების ფორმა იძლევა ბევრ წინასწარ ინფორმაციას ღვიძლის ჯანმრთელობის შესახებ.
British Liver Trust-ის მონაცემებით, ღვიძლის ცხინმოვანი დაავადების საწყის სტადიაზე ხელისგულები წითლდება და ლაქებით იფარება.
გარდა ამისა, საჭიროა დააკვირდეთ თითების ფორმასაც. თუ თითების ზედა ნაწილი ქვედაზე ფართოა, ე.ი. საქმე ღვიძლზე ნაწიბურების გაჩენასთან გვაქვს.
დაავადების კიდევ ერთი ნიშანი ასევე შეიძლება იყოს ხელების უნებლიე და უმიზეზო კანკალი.
გამომდინარე იქიდან, რომ დაავადებული ღვიძლი ფუნქციონირებას ცდილობს, შესაძლოა გათეთრდეს ფრჩხილებიც — ესეც ერთ-ერთი სიმპტომია.
გარდა ამისა, ცხიმოვან ღვიძლზე ასევე შეიძლება მეტყველებდეს შემდეგი ნიშნებიც:
- გამუდმებული დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება;
- მადის დაკარგვა;
- წონაში კლება და გამოფიტვა;
- პირღებინება და გულისრევის შეგრძნება;
- და, რაღა თქმა უნდა ტკივილი ღვიძლის არეში.
ექიმების თქმით, ღვიძლის გაცხიმოვნებამ შესაძლოა კანზე წვრილი სისხლძარღვების გროვები გააჩინოს, რაც ობობის მსგავსი ანგიომის სახელითაა ცნობილი.